სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავის დასრულებამდე აჭარის ტელევიზია მერკვილაძის პოზიციაზე ახალ თანამშრომელს ვერ დანიშნავს - EMC

პუბლიკა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მაია მერკვილაძის მოთხოვნა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შრომითი დავის დასრულებამდე, აუკრძალა ახალი ამბების სამსახურის რედაქტორის სადავო პოზიციაზე ახალი თანამშრომლის განუსაზღვრელი ან 6 თვეზე მეტი ვადით დანიშვნა, – ინფორმაციას ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწვლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს.

„მაია მერკვილაძე იკავებდა ახალი ამბების სამსახურის რედაქტორის პოზიციას და იგი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა 2019 წლის თებერვალში გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან, რაც მოგვიანებით ათეულობით თანამშრომლობის სამსახურიდან გაშვებით გაგრძელდა.

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დიდ დროს მოითხოვს, არსებობდა რეალური საფრთხე, მოპასუხე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ ახალი კადრით შეევსო ახალი ამბების რედაქტორის პოზიცია, რომელზე აღდგენასაც მაია მერკვილაძე მოითხოვს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეძლევა გარანტია, შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აღდგეს სადავო პოზიციაზე”, – განმარტავს EMC.