სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია, დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტოს – კახიანი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი ამბობს, რომ თუ სასამართლომ  პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია, შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება.

როგორც ის განმარტავს,  საქართველოს კონსტიტუციით და ასევე, პარლამენტის რეგლამენტით, დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომაა გათვალისწინებული.

„ზოგადად განვმარტავ უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურას, რაც არის შემდეგი: თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამის საკითხს შეისწავლის საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტი, შესაბამისი დასკვნით მიმართავს პლენარულ სხდომას და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე. მხოლოდ პარლამენტს შეუძლია შეუწყვიტოს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს. დადგენილებით ხდება უფლებამოსილების შეწყვეტა, რის მიღებასაც სჭირდება დამსწრეთა უმრავლესობა, ოღონდ ეს არ უნდა იყოს სრული შემადგენლობის 1/3-ზე ნაკლები”, – აღნიშნა კახიანმა.

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. მას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.