სასცენო დეკორაცია | რა აშენდა და რისთვის ცერემონიების სასახლის ეზოში

პუბლიკა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომ ავლაბარში, ცერემონიების სასახლის ეზოში საცხოვრებელი კორპუსის მსგავსი კონსტრუქცია შენდება.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, რატომ შენდება კონსტრუქცია და რა ფუნქციას შეასრულებს ის.

როგორც ქალაქის მერიის პრესსამსახურში განგვიცხადეს, კონსტრუქცია 31 დეკემბრის ღამეს გასამართი გალა კონცერტის დეკორაციაა და ამ მიზნით, ერთჯერადად აშენდა. პრესსამსახურში ისიც გვითხრეს, რომ შესაძლოა, კონსტრუქცია მოგვიანებით, ერთჯერადად, სხვა ფუნქციით გამოიყენონ, რაზეც მსჯელობა მიდის.

კონკრეტულად რა ფუნქცია ექნება კონსტრუქციას საზეიმო გალა კონცერტში, ამის შესახებ „პუბლიკა“ ღონისძიების ერთ-ერთ რეჟისორს, ბასა ფოცხიშვილს ესაუბრა.

„წელს ძალიან განსხვავებული ახალი წელია, კონცერტი ჩატარდება მაყურებლის გარეშე;

რაც შეეხება კონცეფციას: რაც იყო წელს ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ტენდენცია მთელ მსოფლიოში, რომ აივნებიდან მღეროდნენ ადამიანები… სცენა არის გაკეთებული სახლის სტილში, დეკორაცია არის 3-სართულიანი სახლი, აივნები, ვერანდები…

ცერემონიების სასახლეში დაიდგა იმიტომ, რომ არ შევაწუხოთ მოსახლეობა, თან რომ იყოს იმისგან დაცული, რომ არ შეიკრიბოს ბევრი ხალხი. განიხილებოდა ორი ვარიანტი – ფუნიკულიორი და ეს. ხედი უნდა ყოფილიყო ლამაზი, თბილისი უნდა ჩანდეს და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – განგვიცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

მისივე თქმით, გარდა მთავარი სცენისა, იქნება ჩართვები სხვადასხვა უბნის აივნებიდან, რომლებზეც მოწყობილი იქნება სცენები.

„იდეა არის, რომ აივნებზე შევხვდეთ ახალ წელს და ერთმანეთს აივნებიდან, ფანჯრებიდან მივულოცოთ ახალი წელი“, – თქვა რეჟისორმა.

ბასა ფოცხიშვილის თქმით, მთავარ სცენაზე უმეტესად ახალგაზრდა შემსრულებლები გამოვლენ.

„ნუ გასაგები მიზეზების გამო… ნუ რა თქმა უნდა, ახალგაზრდები უფრო ნაკლები რისკჯგუფი არის და ვინც რისკჯგუფი იყო, ის აივნიდან ერთვება“, – გვითხრა მან.

რეჟისორის თქმით, კონცერტები იქნება შობასაც და ძველით ახალ წელსაც. ღონისძიებების რეჟისორი მასთან ერთად დათო დოიაშვილია, მუსიკალური პროგრამის ხელმძღვანელი კი – დათო ევგენიძე.


გასულ კვირას, 25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა მერიას 400 ათას ლარს გამოუყოფს იმისთვის, რომ ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი ჩაერთოს.

გარდა ამისა, გამოცხადებული ტენდერებიდან ირკვევა, რომ თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებსა და ქალაქის მორთულობაში ერთ მილიონამდე ლარს ხარჯავს.

ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება (როგორც ქვეითად, ისე მანქანით) შეზღუდულია. გამონაკლისი იქნება 31 დეკემბერი და შობის ღამე.

მიუხედავად ამისა, საახალწლო ღონისძიებებს არ დაესწრება მაყურებელი. კონცერტები პირდაპირი ეთერის მეშვეობით, ტელევიზიითა და ინტერნეტით გადაიცემა.