როგორ ემზადება მერია საახალწლოდ - ჩაკეტილ ქალაქში, პანდემიის ფონზე

ზურა ვარდიაშვილი

ეკონომიკის ექსპერტები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, და თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც წელს განსაკუთრებულად მძიმე ზამთარს პროგნოზირებენ.

გადატვირთულია ჯანდაცვის სისტემა. ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების, რეალურად კი ლოკდაუნის შედეგად, შეჩერებულია ეკონომიკური აქტივობები, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ყოველდღიურად ეწყობა მცირე აქცია, ადამიანები ითხოვენ შველას, რათა შიმშილის საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდნენ.

ამ ფონზე დედაქალაქის მერია მოსახლეობის „საახალწლო განწყობაზე“ მაინც ზრუნავს და საზეიმო ღონისძიებებისთვის ემზადება.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ტენდერი, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უშუალოდ მერიამ გამოაცხადა და ხელშეკრულებები გააფორმა შესაბამის კომპანიებთან. აღსანიშნავია, რომ არსებობს პირდაპირი წესით შესყიდული, ასევე მერიას დაქვემდებარებული სხვადასხვა სტრუქტურის მიერ გაწეული დანახარჯებიც:

  • 21 ოქტომბერს თბილისის მერიამ ხელშეკრულება დაუდო შპს „მს-ლაითს“. მას თბილისში, 31 დეკემბრამდე დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების სასცენო საკონცერტო განათებისა და მინათების აპარატურით მხარდაჭერა ევალება. ეს სერვისი თბილისელებს 275 000 ლარი  დაუჯდებათ.
  • ამავე დღეს  თბილისის მერიამ შპს „ვიზარდ ივენთთან“ გააფორმა 308 000 ლარის ღირებულების შეთანხმება.

დოკუმენტის მიხედვით, მერია ყიდულობს თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიების ან რეპეტიციის გარე ეკრანით ჩვენების მომსახურებას. ეს მომსახურება ვიზარდ ივენთმა მერიას 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაუწიოს.

ტექნიკური დავალების მიხედვით, შპს-ს უნდა შეეძლოს ერთდროულად მიმდინარე 5 ღონიძიების მხარდაჭერა, რაც ამ ღონისძიებათა გარე ეკრანებზე ჩვენებაში გამოიხატება.

  • ამ ღონისძიებების მხოლოდ გენერატორებით უზრუნველსაყოფად თბილისის მერია 85 000 ლარს გადაიხდის. შესაბამისი ხელშეკრულება შპს „ალფა სტუდიოსთან“ უკვე გაფორმებულია.
  • შპს „საუნდ-სითისგან“ კი მერიამ „დიდი კონცერტის“ პროფესიონალურად გასახმოვანებლად მერიამ საკონცერტო აპარატურის მომსხაურება 96 000 ლარზე მეტ ფასად შეიძინა.
  • ასევე, როგორც უკვე ცნობილია, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში „ღამის შოუს სტუდიასთან“ 195 800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადო.

ხელშეკრულების საგანია „საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და აქსესუარების, საახალწლო ნაძვის ხის მორთვა-გაფორმების თანმდევი მომსახურება“.

28 ოქტომბრით დათარიღებული ხელშეკრულება ითვალისწინებს არსებული ნაძვის ხის ტოტების (83 ცალი) გადაკეთებას ახალ ზომებზე, ახალი 139 ცალი ტოტის დამზადებას, 215 ცალი 70-ნათურიანი, 21 მეტრი სიგრძის გირლიანდის შეძენას, რკინის კონსტრუქციების მუქ მწვანე ფერად შეღებვას და ა.შ.

გარდა ზემოთ აღწერილი პრობლემებისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი. (გადაადგილების შეზღუდვა – როგორც ამას ხელისუფლების წარმომადგენლები უწოდებენ), შესაბამისად, განათებული თბილისის დათვალიერება მოქალაქეებს 21:00 საათის მერე აღარ შეეძლებათ, გარდა 31 დეკემბრის და 6 იანვრის ღამისა.