„საუნივერსიტეტო საზოგადოების უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს“ - მორიგი პეტიცია

პუბლიკა

„საუნივერსიტეტო საზოგადოების უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს“ – ამ სახელწოდებით მორიგი პეტიცია ვრცელდება რუსული კანონის წინააღმდეგ.

პეტიციაში ნათქვამუა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, მკვლევრები, უმაღლესი განათლების ადმინისტრატორები და სტუდენტები უკიდურესად შეწუხებულნი არიან„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

„მიგვაჩნია რა, რომ რომელიმე მათგანის კანონად ქცევის შემთხვევაში, ძალაუფლება შეიძენს საზოგადოებაზე ბატონობის პოტენციურად ტოტალიტარულ ინსტრუმენტებს. ვფიქრობთ, რომ ამ ინსტრუმენტების თუნდაც ნაწილობრივ გამოყენება შეუქცევადად დააზიანებს იმ საზოგადოებრივი წესრიგის პერსპექტივას, რომლის შექმნის მიზანსაც, საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნების დროიდან, ჩვენი საქმიანობა მივუძღვენით.

გვჯერა, რომ განათლება თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოების საძირკველია, რომლის მიწოდებაშიც ჩვენ – უმაღლესი განათლებისა და აკადემიური კვლევის დაწესებულებები – ძირითადი მოქმედი პირები ვართ. ამ ფუნქციას ვასრულებთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც შექმნილნი არიან გაერთიანებისა და სამეწარმეო თავისუფლებების საფუძველზე და შეადგენენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, “- ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიციაზე ხელმომწერები ასევე ამბობენ, რომ „უცხოელი აგენტების“ კანონი შეზღუდავს და სიცოცხლისუნარიანობას წაართმევს როგორც მათ პარტნიორ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს, ისე მათ, უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაწესებულებებს.

მათი აზრით, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი დაუძლეველ ბარიერებს შეუქმნის ამგვარი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ამოქმედება გადაულახავ წინააღმდეგობებს გააჩენს არა მხოლოდ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულად ჩართვის პროცესში, არამედ  შეუძლებელს გახდის ამ მხრივ მიღწეულის შენარჩუნებასაც.

„საერთაშორისო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან  პერსონალურ, პროფესიულ და ინსტიტუციურ კავშირებს ემუქრებათ გაწყვეტა „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით გამოწვეული სტიგმის ძალით.  კანონის მსუსხავი ეფექტი გამოიწვევს პერსონალის მასობრივ გადინებას უცხოეთში და მათ მოწყვეტას საქართველოს აკადემიური სფეროდან.

თუ დღეს ინსტიტუციურად შესაძლებელია, რომ ქართველმა სტუდენტმა, პროფესორმა და მკვლევარმა ბარიერების გარეშე მიიღოს მონაწილეობა განათლებისა და ცოდნის შექმნის ევროპულ და გლობალურ პროცესებში, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი მოშლის ამ ინსტიტუციონალიზებულ შესაძლებლობებს და ამ სიკეთეებით მხოლოდ ძალაუფლების მიერ პრივილეგირებულები შეძლებენ სარგებლობას.

საქართველოს საგანმანათლებლო და აკადემიური სივრცის ფაქტობრივი იზოლაცია მოკლავს საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების კონსოლიდაციის პერსპექტივას, მოსპობს რა განათლებული და ინფორმირებული მოქალაქის აღზრდის ინსტიტუციურ საფუძვლებს.

ვითვალისწინებთ რა ამ საგანგაშო პერსპექტივებს, მოვუწოდებთ საქართველოს საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, რათა არ დაუშვას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მეშვეობით საქართველოს საზოგადოებაზე და მის ძირითად ინსტიტუტებზე თავდასხმა, საქართველოს საზოგადოებისთვის საძირკვლის მოშლა, “- ნათქვამია პეტიციაში.