სავალდებულო საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028 წლის იანვრამდე დარჩება 

პუბლიკა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით, მხარი დაუჭირა ცვლილებას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში. ეს ნიშნავს, რომ სავალდებულო საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028 წლის იანვრამდე დარჩება.

2023 წლის 6 აგვისტოდან საპენსიო სააგენტომ მოქალაქეების დანაზოგები მაღალრისკიან აქტივებში განათავსა. თანხა, რომელსაც სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების გადასახადებიდან გროვდება, ამ დრომდე დაბალრისკიან აქტივებში იყო განაწილებული — სახელმწიფო ობლიგაციებსა და საბანკო დეპოზიტებში. ეს 2018 წელს მიღებული კანონის შესაბამისად მოხდა — პირველი 5 წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში უნდა მომხდარიყო, შემდეგ კი ეს პირობა იცვლებოდა.

თუმცა, პორტფელების შეცვლას მოქალაქეების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა. შესაბამისად, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა.

დღეს მიღებული ცვლილების თანახმად, დაგროვებითი პენსიის დღემდე არსებული მოდელი 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება და სქემის მონაწილე ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში მოხვდება.

პარლამენტის განცხადებით, მოქალაქეებს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლებათ დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა.

2019 წლის პირველი იანვრიდან, 2018 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, ქვეყანაში ამოქმედდა ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა. მას შემდეგ მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს.

საპენსიო სქემაში ავტომატურად ერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი აქვთ, გაწევრდნენ ან არ გაწევრდნენ სისტემაში, 40 წლამდე პირებისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა.

საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

  • დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს.
  • დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს.
  • სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.