სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს ტრენდი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც დაინერგება - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტები, რომელთა მკურნალობა 14 დღეზე მეტ ხანს გახანგრძლივდა და არ აღენიშნებათ კლინიკური სიმპტომატიკა, ვირუსზე ლაბორატორიული კვლევის პასუხი კი სუსტი დადებითია, მკურნალობას, სავარაუდოდ, აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში განაგრძნობენ.

„ეს იყო ყველაზე საინტერესო შემთხვევები, რომლებიც კლინიკურ ჯგუფთან ერთად განვიხილეთ. მათი ინიციატივაა და ვფიქრობ, რომ სწორი რეკომენდაციაა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთმა პაციენტებმა საკურორტო ზონაში გაიარონ რეაბილიტაცია და ეს ზონა იქნება აბასთუმანი. თქვენ იცით, რომ აბასთუმანი პირველივე დღიდან მობილიზებულია. მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნება პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის მათი იქ განთავსება. შემდეგ დღეებში ჩვენ ველოდებით სახელობით სიას, რომელთა მკურნალობა გახანგრძლივდა 14 დღეზე მეტად, არ აღენიშნებათ კლინიკური სიმპტომატიკა, მათი პასუხი არის სუსტი დადებითი და საჭიროებენ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობას. ვინაიდან ჩვენ არ ვიცით ვირუსის ქცევა, როგორია გადადებითი კოეფიციენტი ასეთ პაციენტებში, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება პაციენტის ჯანმრთელობის სასარგებლოდ, რომ გადავიყვანოთ ისინი აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში, რომ იქ განაგრძნონ მკურნალობა და მეთვალყურეობა“, – ამის შესახებ ეკა ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

კითხვაზე – არის თუ არა სხვა ქვეყნებში მსგავსი მიდგომები უკვე დანერგილი? – უპასუხა:

„არა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიმართა რამდენიმე პრაქტიკას, რომელიც ძალიან წარმატებულია. მსგავსი პრაქტიკა არცერთ ქვეყანას არ აქვს. გავაზიარებთ ჩვენ ამ პრაქტიკას და დაველოდებით მათგან რეაგირებას. სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს ტრენდი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც დაინერგება“, – განაცხადა ეკატერინა ტიკარაძემ.