სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები და საქმიანობაში ხელშეშლა საიას ანგარიშში

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის III შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

წინამდებარე დოკუმენტი 2021 წლის 25 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილი შემთხვევების შესახებ ინფორმაციას აერთიანებს და მათ შეფასებას ისახავს მიზნად.

გთავაზობთ ანგარიშიდან „სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ქმედებებისა” და „პოლიტიკური პარტიებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის” ქვეთავებს.

სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები

„საანგარიშო პერიოდში საიასთვის ცნობილი გახდა რამდენიმე სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ფაქტის შესახებ. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოები ქვემოთ მოყვანილი ყველა შემთხვევით უნდა დაინტერესდნენ. ფაქტების უმრავლესობა შეიცავს პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის, ხოლო ერთი – სხვისი ნივთის დაზიანების ნიშნებს, რაც სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებებია. აუცილებელია, შესაბამისმა უწყებებმა სათანადოდ შეისწავლონ ეს საქმეები და საზოგადოებას გამოძიების შედეგები ამცნონ.

ბესარიონ ბენდელიანის საქმე (პარტია „საქართველოსთვის“) – პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდი

25 სექტემბერს პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატის ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილი დაცხრილეს. ბენდელიანი მომხდარ ფაქტს თავის წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს.

ნონა გრიგალაშვილის საქმე („ქართული ოცნება“) – პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდი

„ქართული ოცნების“ კოორდინატორის ნონა გრიგალაშვილის თქმით, მას 27 სექტემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში პარტია „საქართველოსთვის“ წაღვერის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯონდო კაპანაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გრიგალაშვილი საუბრობს სიცოცხლის მოსპობის მუქარაზეც. მისი განცხადებით, შემთხვევა „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალის დაზიანებას მოჰყვა, რაშიც მან კაპანაძე დაადანაშაულა. კაპანაძე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უარყოფს. შსს-მ ამ საკითხზე გამოძიება უკვე დაიწყო.

როვშან ისკანდიროვის საქმე („ქართული ოცნება“) – პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდი

30 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ როვშან ისკანდიროვს სცემეს. მმართველი გუნდის წევრის, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის ზაულ დარგალის განცხადებით, ისკანდიროვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ქვალაძემ სცემა. ეს უკანასკნელი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ნიკა ბაჩილავას საქმე („ნაციონალური მოძრაობა“) – მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი

13 ოქტომბერს მარჯანიშვილის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა ბაჩილავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სამსახურიდან სახლში დაბრუნების დროს სამი ადამიანი დაესხა თავს და ხელკეტებით სცემა. მისივე განცხადებით, თავდამსხმელებს ეკეთათ ნიღბები და მიხეილ სააკაშვილს აგინებდნენ. მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაზარალებულმა პოლიციაში დარეკა, თუმცა ის ადგილზე არ მისულა. ნიკა ბაჩილავა ამ ინციდენტს პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ თავდამსხმელები „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები იყვნენ.

ვახტანგ ქებაძის საქმე („ევროპული საქართველო“) – მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი

14 ოქტომბერს პარტია „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვახტანგ ქებაძეს თავს დაესხნენ. მისი თქმით, იგი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე წასასვლელად ემზადებოდა, როდესაც 50-ზე მეტი ადამიანი გარს შემოეხვია, სამმა პირმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ფიზიკური დაპირისპირება რუსთავში – მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი

„ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მერობის კანდიდატის დავით კირკიტაძის შტაბთან მის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავებულია დავით კირკიტაძის შტაბის სამი წევრი, აქედან ერთი, შავლეგო მანდარია, რუსთავის საკრებულოს წევრია. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

პოლიტიკური პარტიებისთვის საქმიანობაში ხელშეშლა

სააგიტაციო მასალის დაზიანება

საიასთვის ცნობილი გახდა კანდიდატთა ბანერებისა და პლაკატების დაზიანების არაერთი შემთხვევის შესახებ. კანონის მიხედვით, დაუშვებელია სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება. თუ ზიანის ღირებულება აღემატება 150 ლარს, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება. საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიონ ქვემოთ მოცემული ფაქტები და პასუხისმგებელი პირები გამოავლინონ, პარტიებმა კი მეტი ძალისხმევა მიმართონ ამგვარი შემთხვევების შემცირებასა და საკუთარ აქტივისტებთან მუშაობაზე.

ბანერების დაზიანება

ა) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ნიკა მელიას ბანერი ერთგან 27 სექტემბერს ჩამოხიეს, ხოლო მეორეს 21 ოქტომბერს ცეცხლი წაუკიდეს.

ბ) „ქართული ოცნების“ ბანერები დააზიანეს თბილისში 25 და 26 სექტემბერს (2 შემთხვევა), 29 ქუთაისში – 7 ოქტომბერს (2 შემთხვევა) და ხელვაჩაურში – 9 ოქტომბერს (2 შემთხვევა).

პლაკატების დაზიანება

ა) თბილისში, გლდანის ტერიტორიაზე, პარტია „საქართველოსთვის“ პლაკატები დააზიანეს. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ამ ქმედების მონაწილე პირი ადასტურებს დავალების „ქართული ოცნებიდან“ მიღებას. პარტიის პლაკატები დააზიანეს ასევე რეგიონებში: ბოლნისში (1 შემ- თხვევა), ვანში (5 შემთხვევა), საგურამოში (1 შემთხვევა), გორში (1 ლოკაციაზე 5 შემთხვევა), ჩხოროწყუში (1 შემთხვევა), ახმეტაში (1 ლოკაციაზე 12 პლაკატის დაზიანების შემთხვევა), ბაღდათში (3 შემთხვევა), სიღნაღსა (2 შემთხვევა) და ფოთში (9 შემთხვევა).

ბ) ახმეტაში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ზურაბ ოტიაშვილის პლაკატები წითლად და შავად გადაღებეს.

გ) დააზიანეს „ქართული ოცნების“ პლაკატებიც, კერძოდ, რუსთავში (1 შემთხვევა), თეთრიწყაროში (3 შემთხვევა), ყვარელში (2 შემთხვევა), დმანისსა (1 შემთხვევა) და სამტრედიაში (3 შემთხვევა).

14 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული შემთხვევა – მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი

მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 14 ოქტომბერს თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან მომავალ ავტოკოლონებს არაერთ ლოკაციაზე მოწინააღმდეგეები დახვდნენ. კადრებში ჩანს, როგორ აგინებენ ისინი ავტომანქანებ- ში მსხდომ პირებს, ესვრიან ცოცხებს და დროშის ტარებს. ასეთი შემთხვევები გამოვლინდა აბაშაში, ქუთაისში, სამტრედიაში, რუსთავში, გორსა და თელავში. ამ ქმედებებში იკვეთება წვრილმანი ხულიგნობის ნიშნები. საია შესაბამის უწყებებს სამართალდარღვევის მოცემულ ფაქტებზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე დისკრიმინაციულად უთხრეს უარი – მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი

პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და შპს „ალმას“ შორის 2021 წლის 1-ლ ოქტომბერს გაფორმდა სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულება. შეთანხმების თანახმად, შპს „ალმას“ პარტიის სარეკლამო მასალა უნდა განეთავსებინა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ლოკაციებზე მომსახურების ღირებულების გადახდიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.„ევ როპულმა საქართველომ“ თანხა 1-ლ ოქტომბერსვე გადაიხადა. თუმცა, შპს „ალმამ“ ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა და მხოლოდ 8 ოქტომბე- რს, მას შემდეგ, რაც განთავსებისთვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა, პარტიას ფული დაუბრუნა.

შპს „ალმას“ პარტიისთვის ხელშეკრულების პირობების დარღვევის მიზეზები არ განუმარტავს. მათ მხოლოდ საჯარო კომენტარი გააკეთეს, რომლითაც მოითხოვეს კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების შეტანა და სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამების განთავსების შეზღუდვა. შპს-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე ამგვარი რეკლამის განთავსებაზე, სანამ პარლამენტი შესაბამის კანონს არ მიიღებს. თავის მხრივ, „ევროპულმა საქართველომ“ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. პარტიის აზრით, განსხვავებულ მოპყრობას მხოლოდ იმის გამო დაექვემდებარა, რომ მისი სარეკლამო მასალა ბიძინა ივანიშვილის კარიკატურას შეიცავდა. არადა, მოპასუხეს ე.წ. „სისხლიანი ბანერების“ დამკვეთისთვის უარი არ უთქვამს.

დისკრიმინაციად მიიჩნევა ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირს რაიმე, მათ შორის პოლიტიკური, ნიშნით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა სუბიექტებთან შედარებით. ეს მოთხოვნა იურიდიული პირების ქმედებებზეც ვრცელდება მათი საქმიანობის ყველა სფეროში. საია მიიჩნევს, რომ შპს „ალმამ“ პოლიტიკური რეკლამების (ე.წ. „სისხლიანი ბანერები“ და ბიძინა ივანიშვილის კარიკატურა) დამკვეთები არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა და ზემოხსენებულ პარტიას რეკლამის განთავსებაზე დისკრიმინაციულად უთხრა უარი.