საზმაუმ ჟურნალისტები ზედელაშვილი, დარსალია და ჯანაძე სამსახურიდან გაათავისუფლა

პუბლიკა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანი იმედა დარსალია, ასევე ჟურნალისტები სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე სამსახურიდან გაათავისუფლა – ინფორმაცია „პუბლიკას“ სოფო ზედელაშვილმა დაუდასტურა.

სოფო ზედელაშვილის თქმით, ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად „ცრუ და დაუსაბუთებელი განცხადებების გავრცელებაა“ დასახელებული.

ჟურნალისტები თებერვლიდან საჯაროდ საუბრობდნენ მაუწყებელში ცენზურის მცდელობისა და, ე.წ., შავი სიების არსებობაზე.


17 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი კვირის“ წამყვანმა, იმედა დარსალიამ არხზე შესაძლო ცენზურისა და „შავი სიების“ შესახებ პირველი განცხადება გააკეთა.

ცენზურის მცდელობის შემთხვევები და „შავი სიების“ არსებობა 18 თებერვალს გადაცემის კიდევ ორმა ჟურნალისტმა – თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა დაადასტურეს. გადაცემის გუნდიდან რამდენიმე ჟურნალისტმა კი მსგავსი ფაქტების არსებობა უარყო.

კვირის მთავარი ანალიტიკური გადაცემის გუნდის წევრთა ბრალდებებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც გამოეხმაურა და მოკვლევის გარეშე ჟურნალისტთა განცხადებებს „რეპუტაციის შემლახავი“, „ცილისმწამებლური“, „უსაფუძვლო“, „მიზანმიმართული კამპანია“ უწოდა.

თითქმის ერთი თვის თავზე, 25 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გადაცემის წამყვანმა და ჟურნალისტებმა იმ პირთა სია გამოაქვეყნეს, რომელთა ჩაწერაც გადაცემის მენეჯმენტისთვის სასურველი არ იყო; დასახელდა შესაძლო ცენზურის კონკრეტული შემთხვევებიც.

ამ ბრიფინგის შემდეგ მაუწყებლის მთავარ ანალიტიკურ გადაცემაში შესაძლო ცენზურის არსებობაზე ბრალდებების თემა კვლავ აქტუალური გახდა. არხის დირექტორმა „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ საქმის მოკვლევა დაწყებულია, თუმცა მოკვლევის დაწყების ან დასრულების თარიღი არ დაუკონკრეტებია.