საზოგადოებრივი მაუწყებელი და „იმედი" 8 ნოემბრის აქციაზე მათი ჟურნალისტების მიმართ დაშინებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ

პუბლიკა

8 ნოემბერს ცესკოსთან გამართული აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. განცხადებაში ტელეკომპანია მისი ჟურნალისტების მიმართ მუქარის შესახებ საუბრობს.

„პირველი არხი“ განცხადებაში მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში, დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) და მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე ზემოქმედების, დაშინებისა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის უტყუარ ფაქტებს.

ტელეკომპანიას მიაჩნია, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას  საუბრის ტონი მიზნად ისახავდა ჟურნალისტების დაშინებასა და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

მათი თქმით, ასევე მუქარის კამპანიის გაგრძელებაა პარლამენტის წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადება, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გადაწყდება, საერთოდ უნდა გააგრძელოს თუ არა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქმიანობა.

განცხადებას ავრცელებს ტელეკომპანია „იმედიც“, რომელშიც ტელევიზიის თანამშრომლებზე თავდახმისა და ძალადობის შესახებ საუბრობს.

„იმედი“ წერს, რომ  ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, ოპოზიციის ლიდერების მხრიდან განხორციელდა, მათი თქმით, პირდაპირი თავდასხმა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდასხმის და ჩაგვრის, მათ შორის, ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტი გახდა სამი ჟურნალისტი: ანუკი გუმბერიძე, რუსა შელია და ქეთი ფარცხალაძე.

„აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ანუკი გუმბერიძეს ყელში წვდა და მის დახრჩობას ცდილობდა. ანუკი აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა იხსნა საფრთხისგან”, – წერს „იმედი”.

„იმედი“ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ჟურნალისტებზე ზეწოლა, შეურაცხყოფა და მუქარა სოციალურ ქსელშიც. ტელეკომპანია ამ პროცესს „კამპანიურ ტერორს“ უწოდებს და „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ აქტივისტებს უკავშირებს.

განცხადებაში ნახსენებია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები და ნათქვამია, რომ მაშინდელი სახელისუფლებლო ლიდერები დღესაც აგრძელებენ ბულინგს.

„ტელეკომპანია „იმედი“ არ შეცვლის თავის სარედაქციო პოლიტიკას და კვლავინდებურად გააგრძელებს პროფესიული სტანდარტის დაცვით მუშაობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ტელეკომპანია პირველის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას გუშინ, 8 ნოემბერს „იმედის“ ჟურნალისტთან დაპირისპირების შესახებ დაუსვეს კითხვა.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს აღარ არის მედიასთან ურთიერთობა. ეს ხალხი არის თანამონაწილე [მელაშვილის დაპატიმრების], მათ რომ ელაპარაკათ [ტელევიზიებს], ამიტომ არიან დაჭერილი”, – განაცხადა უგულავამ.

დიანა ტრაპაიძემ გიგი უგულავას საუბარი გააწყვეტინა და უთხრა: „ხელისუფლებაში ყოფნის დროს თქვენც ძალიან მშვენივრად სარგებლობდით თქვენდამი დაქვემდებარებული მედიებით, ასე რომ, ნუ გიკვირთ“.

„შეგვიძლია, ვიკამათოთ. კი, ნამდვილად მძიმე მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით, მაგრამ იმის გამო, რომ ეკრანზე რაღაცა დაეწერათ, ადამიანი დაიჭირეს, ეს არის სახიფათო. არანაირი ტრავმა არ ამსუბუქებს იმას, რომ გაამართლო ადამიანების დაჭერა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ წარწერა გქონოდა [„გარეჯი საქართველოა”]. რატომ გაქრა ეს წარწერა დღეს?!

მარტო იმიტომ, რომ პროპაგანდას სჭირდებოდა. ორი ადამიანი დაიჭირეს. ახლა ასამართლებენ. დააბრალეს ბავშვობის მეგობრის თვითმკვლელობამდე მიყვანა [ისნის საოლქო თავმჯდომარის საქმე] საკუთარი პროპაგანდისტული მანქანისთვის….

მუშაობს ერთი გზა, ამ პროპაგანდისტული მანქანის კვება და შემდეგ აი, ამის ფრქვევა. ეს არის სახიფათო“, – განაცხადა უგულავამ.

დიანა ტრაპაიძემ გიგი უგულავას მიმართა, რომ არა მხოლოდ მედიას, საზოგადოებასაც აქვს გარკვეული ტრავმა და ყოფილი ხელისუფლების აქტივობის აგრესიული ტონი არის თუ არა სწორი გზა?

„ტოტალურად გააყალბეს არჩევნები. ენის მოჩლექით ლაპარაკი ქურდთან არ შეიძლება. ენის მოჩლექით ველაპარაკოთ ქურდებს?

ჩვენ რას ვხედავთ, შანტაჟის ენას. ხმას ამოიღებ და გეუბნებიან, რომ ლარის კურსი დაეცემა და შენი ბრალიია, ქუჩაში გააპროტესტებ მოპარულ არჩევნებს და კოვიდით მოკვდები და ვერ გადაგარჩენო, პოლიტიკურ დაფინანსებას შევუწყვეტთ პარტიებსო… ადამიანებს იჭერენ მხოლოდ იმისთვის რომ საკუთარი პროპაგანდისტული მანქანა კვებონ. ამის პარალელურად მეუბნებით, რატომ გაქვს ნერვები მოშლილიო? მაქვს, ქვეყანას ვკარგავთ…

პერსონალურ შეურაცხყოფას, რაც უნდა მიუღებელი იყოს, ჟვანიას არ მივაყენებ, არც იმ ჟურნალისტს მივაყენებ, მაგრამ არავის აუკრძალავს თავისუფალ საზოგადოებაში… მე რა, მოვითხოვ, რომ შეიცვალოს სახელისუფლებო მედიის სარედაქციო პოლიტიკა? იმასაც ნუ მავალდებულებთ, რომ ჩემი აზრი არ გამოვთქვა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი აზრის გამოთქმას ჰქონდეს აზრი!”, – განაცხადა გიგი უგულავამ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მედიის სამმა წარმომადგენელმა, მათ შორის არიან:

„ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი პავლე ხაჩიძე, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მისმა თანამშრომელმა თვალზე დაზიანება წყლის ჭავლის შედეგად მიიღო.

„ფორმულას“ ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, წყლის ჭავლი მაშინ მოხვდა, როცა მედიის სამუშაო სატვირთო მანქანაზე იდგა. აქციის მსვლელობისას შეუძლოდ გახდა ამავე არხის ოპერატორი. ჟურნალისტების თქმით, ის წყლის ჭავლით დასველდა და მოგვიანებით, გონება დაკარგა.