სერიოზულად განსახილველია ომბუდსმენის მიერ დამზაფრავი თემების შემოგდება - ღუდუშაური

პუბლიკა

მმართველი პარტიის წევრმა, დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში ჟურნალისტებთან ომბუდსმენის შესახებ ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ ომბუდსმენმა ნინოწმინდის პანსიონის შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ განხილვას საჭიროებს – რატომ შემოაქვს ომბუდსმენს „დამზაფრავი თემები“.

„სერიოზულ განხილვას საჭიროებს, ზოგადად, სახალხო დამცველის მიერ, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გამოცხადებული ქრონიკებივით ყოველკვირეულად, რაღაც ასეთი დამზაფრავი თემების შემოტანა თუ შემოგდება.

არ ვიცი. მე ვისურვებდი და მთავარი სამიზნე უნდა იყოს არა ის, რომ ინფორმაცია გავავრცელოთ, რამაც შეიძლება ინტერესი დააზიანოს.

… ერთია, ანგარიშს აქვეყნებ და პოზიციას აყალიბებ და მეორეა, რა მიზანს ისახავს ეს. როცა საქმე ეხება ბავშვებს, აქ ვართ უკომპრომისოები. კარგად გახსოვთ ჩვენი ძალისხმევის შედეგად გაიღო ფართოდ პანსიონატის კარი და მათ შორის სახალხო დამცველისთვის“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.


„აღსაზრდელებისთვის ფეხის მასაჟის იძულება“, „თვალების რეიტუზებით აკვრა“, „ფიზიკური დასჯა“, „ემოციური ზეწოლა“ – სახალხო დამცველის აპარატმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ „დაწესებულებაში წლების განმავლობაში მიმართავდნენ ბავშვების მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს. აღზრდის მეთოდებში ინტეგრირებული დასჯის ფორმები დამამცირებელი, ღირსების შემლახავი და მატრავმირებელი იყო არასრულწლოვნებისთვის“.