ფეხის მასაჟის იძულება, ხორბალზე დაჩოქება - ომბუდსმენის ანგარიში ნინოწმინდის პანსიონზე

პუბლიკა

„აღსაზრდელებისთვის ფეხის მასაჟის იძულება“, „თვალების რეიტუზებით აკვრა“, „ფიზიკური დასჯა“, „ემოციური ზეწოლა“ – სახალხო დამცველის აპარატმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შესწავლის შედეგეად გამოიკვეთა, რომ „დაწესებულებაში წლების განმავლობაში მიმართავდნენ ბავშვების მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს. აღზრდის მეთოდებში ინტეგრირებული დასჯის ფორმები დამამცირებელი, ღირსების შემლახავი და მატრავმირებელი იყო არასრულწლოვნებისთვის“.

ომბუდსმენის ანგარიშში ძალადობის ფაქტების შესახებ გამოყოფილი ქვეთავები ეყრდნობა როგორც საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე აპარატისადმი მიმართვებს, არასრულწლოვნებთან გასაუბრებებს, ზოგადი მოკვლევის შედეგებსა და სისხლის სამართლის მასალებს.

აღსაზრდელთა მიმართ ძალადობის შესახებ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია

ანგარიშში „განსაკუთრებით საგანგაშოდ“ არის შეფასებული პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პანსიონის აღმზრდელები ბენეფიციარების მიმართ ძალადობის და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის არაერთ ფორმას იყენებდნენ:

  • არასრულწლოვნები თავადაც აღნიშნავენ დასჯის ფორმად სიმინდისა და ხორბლის მარცვლებზე საათობით დაჩოქების, საკვების გარეშე დატოვების, ღამეების თენების, დამამცირებელი მოპყრობის შესახებ.
  • ცემაზე „რეიკებითა“ და სახაზავებით, აღმზრდელების მიერ ბავშვებისთვის თვალების რეიტუზებით აკვრის გამოყენებას დღის საათებში დასაძინებლად.
  • ასევე, გამოიკვეთა პანსიონის თანამშრომლების მხრიდან ბენეფიციარების სავარაუდო ბულინგი და ჩაგვრა კანის ფერის და ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე.

„პანსიონში მცხოვრები ბავშვების ძალადობისა და ჩაგვრის სავარაუდო ფაქტებზე, კიდევ ერთხელ, ნათლად მიუთითებს და მოწმობს სიუჟეტი, სადაც ბავშვები მათ მიმართ, მათ შორის, მიმდინარე წლის პირველ ივნისს ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე ყვებიან. ხოლო ერთ-ერთი არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის ნინოობის დღესასწაულის წინა დღეებში, ოთახში შესვლისას ნახა, რომ ბავშვი მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ აღმზრდელს მასაჟს უკეთებდა, სავარაუდოდ, ფეხზე. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, პანსიონის ბენეფიციარების მიერ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებული შემთხვევების დასახელება“, – წერია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძალადობის საკითხებზე სიუჟეტში საუბრისას ბავშვები მიუთითებენ დასჯის ფორმად საათობით დაჩოქების, ბუქნის გაკეთების, ცალ ფეხზე დგომისას დიდი სკამის დაკავების იძულებაზე.

  • „როგორც ბავშვები აღნიშნავენ, დასჯა ერთი კვებიდან მეორე კვების პერიოდამდე გრძელდებოდა.
  • ერთ-ერთი ბენეფიციარი საუბრობს აღმზრდელების მიერ მთელი ღამე დაჩოქების იძულებაზე და მითითებაზე, რომ თუ აღმზრდელი საბანს გადაიხდიდა, ბავშვებს უნდა დაეფარებინათ. თუ ამ დროს ბავშვებს ჩაეძინებოდათ, მათ ცემდნენ.
  • ტელევიზორის ყურებისას აღმზრდელები ბავშვებს მუხლებზე ადებდნენ ფეხებს და აიძულებდნენ მასაჟი გაეკეთებინათ.
  • ერთ-ერთი ბენეფიციარი მიუთითებს, რომ ლოგინის თავზე დაარტყმევინეს თვალი.
  • იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველს ეუბნებოდნენ მომხდარის შესახებ აღმზრდელები პანსიონის ყოფილი ზედამხედველისგან იღებდნენ შენიშვნას, თუმცა მისი წასვლის შემდეგ ბავშვებს უარესად ექცეოდნენ. ამიტომ, არასრულწლოვნებს ეშინოდათ მომხდარი ვინმესთვის, მათ შორის, დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელისთვის ეთქვათ.
  • პანსიონში ერთ-ერთი ვიზიტისას, სტუმრებს რომ არ შეემჩნიათ, ბავშვს ჩალურჯებული თვალის დასაფარად პუდრი წაუსვეს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უფლების შესაძლო კიდევ ერთ დარღვევაზე მიუთითებს სახელმწიფო სოციალური მუშაკების რეაგირება ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის გავრცელებულ ფაქტებზე. კერძოდ, საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის პროცესი, როდესაც ატირებულ ბენეფიციარებს პანსიონის ყოფილი ხელმძღვანელი ესაუბრებოდა პანსიონიდან გასვლაზე და იმაზე, როგორ არ სურთ ბავშვებს დაწესებულების დატოვება. ამასთანავე, მიმდინარეობდა არასრულწლოვნების ვიდეოჩაწერა და პირდაპირი ტრანსლაცია.

„პროცესს, სავარაუდოდ, ესწრებოდნენ დაწესებულებაში ბავშვების მდგომარეობის შეფასების მიზნით შესული სოციალური მუშაკები, თუმცა მათი მხრიდან მომხდარს რაიმე ფორმის მყისიერი რეაგირება არ მოჰყოლია“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს და საკითხის შესწავლა, მათ შორის, ვიდეოჩაწერის მიმდინარეობისას ოთახში მყოფი სოციალური მუშაკების სავარაუდო გადაცდომის საკითხის მოკვლევა მოითხოვა. ზრუნვის სააგენტოსგან მიღებული საპასუხო კორესპონდენციით ომბუდსმენს ეცნობა, რომ მოკვლების შედეგად თანამშრომლებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი არ დადასტურდა.

სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართვები და ზოგადი მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აღმზრდელების მხრიდან სისტემატურ ძალადობაზე მიუთითებენ პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებიც, რომელთაგანაც ექვსის მომართვის საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო ინდივიდუალური საქმისწარმოება.

გარდა პანსიონის ყოფილი ბენეფიციარების მიერ ძალადობის ფაქტებზე პირდაპირი მითითებისა, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ხვდებიან ნინოწმინდის ყოფილ აღსაზრდელებს, მათ სოციალურ მუშაკებს და აფასებენ ბავშვების საჭიროებებს:

„მიღებული ინფორმაციით, პანსიონში გამოიყენებოდა ძალადობის სხავადასხვა ფორმა. კერძოდ, ფიზიკური დასჯა, ძალიან მკაცრი კონტროლი, შრომითი ექსპლუატაცია (შრომა დასჯის მიზნით), ემოციური ზეწოლა, ბავშვების „მომზადება“ სახალხო დამცველთან და სოციალურ მუშაკებთან საუბრისათვის. ამასთან, ბავშვებს აქვთ იდენტური შინაარსის პასუხები – „აქ კარგია, ყველაფერი გვაქვს, საჭმელიც, ტანსაცმელიც და არავინ არ გვსჯის“. ამ ფორმით პასუხები ჟღერდებოდა მაშინაც, როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი მსგავს კითხვას არ უსვამდა არასრულწლოვანს“, – ვკითხულობთ ანგრიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბავშვებთან გასაუბრებისას გამოვლენილი ქცევები, კერძოდ, სხეულის დაძაბულობა, განრიდების (დისოციაციის) რეაქციები, მზერითი კონტაქტის არარსებობა, მწირი ლექსიკური მარაგი, თვითდამაზიანებელი ქცევა (საკუთარი ხელისგულის დაკემსვა ნემსით და ძაფით), ასევე სოციალური მუშაკების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, სადაც იკვეთება რეგრესული ქცევა (თითის წოვა თითის დაზიანებამდე) შესაძლებელია, მიანიშნებდეს განვითარების ტრავმაზე. ამასთან, ერთ-ერთ საქმეში, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი ინდივიდუალურ საქმისწარმოებას ახორციელებს და ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან ვიზიტითაც იმყოფებოდა, გამოიკვეთა, რომ ბავშვს აქვს ქცევითი სირთულეები და ამჟამინდელ აღმზრდელს დასჯის მიზნით, მოუწოდებდა „დამაბი, დამაბი!“.

„შესაბამისად, აუცილებელია ნინოწმინდის პანსიონის ყველა აღსაზრდელის ნეიროფსიქოლოგიური შეფასება, რათა დადგინდეს, როგორ აისახა დიდ ინსტიტუციაში ცხოვრება არასრულწლოვნების კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე. აღნიშნული არსებითად მნიშვნელოვანი იქნება არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობის პროცესში“, – წერია ანგარიშში.

სახალხო დამცველის რწმუნებულების მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში ამჟამადაც ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელიც საუბრობს წარსულში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე და გამოთქვამს მზაობას, გამოიკითხოს აღნიშნულთან დაკავშირებით. კერძოდ, 2021 წლის 22 ნოემბერს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში განხორციელებული ვიზიტისას ნინოწმინდის აღსაზრდელთა ინდივიდუალური განვითარების გეგმების გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ერთ-ერთ ინდივიდუალური განვითარების გეგმაში ასახულია, რომ აღსაზრდელი ფლობს პანსიონში ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც გამოკითხვისას არ განაცხადა, თუმცა ამჟამად მზადყოფნას გამოთქვამს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოიკითხოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური განვითარების გეგმა 2021 წლის ივლისის თვეს არის შედგენილი, 2021 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით აღსაზრდელის კანონიერ წარმომადგენელს არ ჰქონდა რეფერირება განხორციელებული სამართალდამცავ უწყებასთან და არც იმის შესახებ ფლობდა ინფორმაციას, ნინოწმინდის პანსიონში 24-საათიანი მორიგეობის განმახორციელებელ სხვა სოციალური მუშაკის მიერ ხომ არ მოხდა შემთხვევის რეფერირება სამართალდამცავ უწყებასთან. აღნიშნული მიუთითებს არა მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობაზე ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების დაუყოვნებლივი გადამისამართების ვალდებულების შესახებ, არამედ საქმეზე მომუშავე სოციალურ მუშაკებს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის პრობლემებზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სისხლის სამართლის საქმეების მასალებიდან გამოვლენილი სისტემური ძალადობის ფაქტები

დოკუმენტის მიხედვით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის სისტემატიურ ხასიათზე მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეების მასალებში არსებული აღსაზრდელების გამოკითხვის ოქმებიც. არასრულწლოვნები მიუთითებდნენ დასჯის დამამცირებელ, ღირსების შემლახავ და, ხშირად, წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ ქმედებებზე.

  • „პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას, ფიზიკურ ძალადობას.
  • აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას, თავად ჭამდნენ და ბავშვებს აყურებინებდნენ, მუხლებზე აყენებდნენ.
  • ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა.
  • ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა.
  • როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ“, – წერია ანგარიშში.

„აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: „საქონელი“, „ქუჩიდან მოთრეული“, „დედისგან მიტოვებული“. ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა. დასჯის ფორმად გამოიყენა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე ბინტით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვება. არასრულწლოვნებმა ისაუბრეს სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც“, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი აღსაზრდელის თქმით, მას უთხრეს, 10 მეტანია გაეკეთებინა მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშისას ბურთი, შემთხვევით, ფანჯარას მოახვედრა. ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელმაც განაწყენებულმა ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას.


ანგარიში მოიცავს, როგორც 2021 წლის გაზაფხულზე განვითარებული მოვლენების შემდეგ პანსიონში არსებული ვითარების მონიტორინგის შედეგებს, ისე რეინტეგრაციაში მყოფი და ზრუნვის სხვა ფორმაში განთავსებული ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე მონაცემებს.