შაჰინი: ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ „ოცნების“ კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა

პუბლიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი და „MEGOBARI აქტის“ ერთ-ერთმა თანაავტორი, ჯინ შაჰინი განცხადებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ტელეკომპანიების წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეტანილ საჩივარს.

შაჰინის თქმით, ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ ოცნების კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა და ამიტომ მოუწოდა სენატს, მიიღოს ორპარტიული MEGOBARI აქტი.

„დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ ცვლილებები შეიტანა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა, რომ კანონი დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული.

ახლა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ საჩივრები შეაქვს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში – ორგანოში, რომლის დამოუკიდებლობა თავად კითხვის ნიშნის ქვეშაა – ნათელია, რომ ეს მედია საშუალებები განსჯილი არ იქნებიან მათი ჟურნალისტური სტანდარტებით, არამედ სამიზნეში იქნებიან ამოღებული პოლიტიკური მიზეზებით.

ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა. სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს მიიღოს ჩვენი ორპარტიული „MEGOBARI აქტი“, რადგან ქართველი ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს  „ოცნებისთვის” პასუხისმგებლობის დაკისრებას პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის”, – წერს შაჰინი.


„ქართულმა ოცნებამ“ „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის” წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჩივარი შეიტანა – პარტიამ ტელეკომპანიებს ისეთი ფრაზების გამოყენების გამო უჩივლა, როგორებიცაა: „არალეგიტიმური პარლამენტი”, „ოლიგარქის რეჟიმი”, „რეჟიმის პატიმრები”, „არალეგიტიმური ხელისუფლება”, „კლანის სასამართლო“ და ა.შ.

„ქართული ოცნება” ტელეკომპანიებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება“ და მოითხოვს, კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ და ამოქმედდეს სანქცირების აღსრულების დროებითი წესი.