შაქარაშვილის საქმე | 3 ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

პუბლიკა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში, ძალადობის ორგანიზება/მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდში 11 ბრალდებულის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

სამი ბრალდებულის: ნიკოლოზ რევაზიშვილის, არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის საქმეს გური ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა ვასილ მახარაძემ. ბრალდებულებმა მოთხოვნა ოფიციალურად სასამართლოში დაადასტურეს.

„ის უნდობლობას უცხადებს სასამართლოს. ეს არის საქმე, სადაც პროკურატურა ცდილობს, საზოგადოებას ცრუ მოწმე [საუბარია გური ამირხანაშვილზე] შეასაღოს მსხვერპლად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილში“, – განაცხადა რევაზიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ.

არჩილ გაგნიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ენდობა მცხეთის სასამართლოს და სურს, მისი საქმე საზოგადოებამ, ანუ ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

„ნდობა არის მთავარი, რაც ამ კონკრეტული სასამართლოს მიმართ… ის კონკრეტული მოსამართლეები, რომლებიც დღეს არიან დარჩენილნი და რომელთაც შესაძლოა, განიხილონ აღნიშნული საქმე, ჩვენი მოსაზრებით, ვერ იქნებიან ობიექტური და მიუკერძოებლები. მიგვაჩნია, რომ საზოგადოება უფრო ბრძენი იქნება, ვინაიდან სამართლიანობა ემსახურება მართლწესრიგის უზრუნველყოფას და ამ ადამიანებს სურთ, საქმე განიხილონ მათნაირმა ჩვეულებრივმა ადამიანებმა“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ადვოკატმა.

საქმის პროკურორი გიორგი მუკბანიანი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, საქმეს ნაფიცები განიხილავენ თუ მოსამართლე, განაჩენი მაინც გამამტყუნებელი იქნება.

„მოსამართლე განმარტავს დებულებებს ნაფიც მსაჯულებზე. ეს მათი უფლებაა. მათი ბრალდების საქმეს განიხილავენ ნაფიც მსაჯულები. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამირხანაშვილმა რა ეპიზოდზეც მისცა უკვე ჩვენება, დააფიქსირა ზუსტად ის, რაც მანამდე, გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ნათქვამი. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, თუ მოსამართლე, ამას არ აქვს მნიშვნელობა, განაჩენი მაინც გამამტყუნებელი იქნება“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა.


გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა. 17-დან 11 სრულწლოვანი პირის საქმე ცალკე გამოიყო.

► 3 პირი – ს.ჩ., ს.გ. და ი.წ. დაკავებული არიან
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს – ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ჯგუფურად, ორი ან მერი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

► სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებულია 3 პირი – ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ., რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა ან მასში მონაწილეობას;

► სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; მუხლი ითვალისწინებს  ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა ან მასში მონაწილეობას, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ;

► სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულია 4 პირი – ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; მუხლი ითვალისწინებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას; 

► 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებულია 5 პირი – ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ. მუხლი ითვალისწინებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა ან მასში მონაწილეობას, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას.