შაქარაშვილის საქმე | ადვოკატები პროკურატურის ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ

პუბლიკა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ 5 მგზავრს – ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და ორ არასრულწლოვანს (ა.ქ. და ზ.ხ.) – ბრალი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაუმძიმა.

„ტოიოტას“ მგზავრების უფლებადამცველები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდნენ. სულ მალე მათ პროკურატურა ბრალს ოფიციალურად წარუდგენს, რის შემდეგაც ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცემათ.

საქმის მასალების გაცნობამდე, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ არ არსებობს ისეთი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა განზრახ მკვლელობის ბრალდებით აღნიშნული პირებისთვის ბრალის დამძიმება.

არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ პროკურატურამ ამგვარი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ზეწოლის გამო მიიღო.

„23 ტომიდან არც ერთი ვიდეოფირი, არც ერთი მოწმის ჩვენება იქნება თუ სხვა მტკიცებულებები, არ წარმოუდგენიათ. აქ უმნიშვნელოვანესი საკითხია ექსპერტიზის პასუხები, არ დაელოდნენ ამ პასუხებს და გადაწყვიტეს, ბრალი წარედგინათ. კი ბატონო, უნდათ ასეთი ომი? მივიღებთ ამ გამოწვევას“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ვახო ჩიქოვანის ადვოკატს არ აქვს საქმეში ისეთი მტკიცებულების არსებობის მოლოდინი, რომელიც დამძიმებულ ბრალს გაამართლებს.

„საქმეში არსებული მტკიცებულებები ამ დროისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ადასტურებს, შესაბამისად, პროკურატურის ის პოზიცია, რომ საქმეში მათ აქვთ მტკიცებულებები და ბრალის წარდგენის შემთხვევაში დაადასტურებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას, რა თქმა უნდა, პროკურატურის ეს პოზიცია ჩემთვის გაუმართლებელია“, – აცხადებს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.

ერთ-ერთი არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური საქმის მასალების გაცნობას ელოდება.

„აღნიშნული გარემოება, რომ ვიღაცამ გზა მოუჭრა, ჩამოიარა, არის აბსურდი. არ ვიცი, ბრალდება რაზე დაყრდნობით საუბრობს“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

კიდევ ერთი უფლებადამცველი, ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი შოთა კახიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურამ „გამორიცხვის მეთოდით“, უსაფუძვლოდ წაუყენა ბრალი პირებს, რაც, მისი შეფასებით, უკანონოა.

„პროკურატურამ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ისაუბრა შუალედური ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, რომლითაც თითქოსდა დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე არსებული დაზიანებები არ შეიძლებოდა მიყენებული ყოფილიყო სიმაღლიდან ვარდნის, დაგორების, წაქცევის… შედეგად.

პასუხებს კი არ გვცემენ შეკითხვებზე, თვითონაც ლოგიკურ დასკვნებზე, გამორიცხვის მეთოდებზე საუბრობენ, თითქოს, გამორიცხვის მეთოდით მოხდა 5 ადამიანის მიმართ ბრალდების წარდგენა, რაც არის უკანონო“, – აცხადებს ადვოკატი.


გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ბრალი არ დამძიმებია მხოლოდ „ტოიოტა ქემრის“ მძღოლს ვასილ მახარაძეს.

პროკურატურის განცხადებით, ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე შაქარაშვილს უკან დაედევნა „ტოიოტას“ 3 მგზავრი ვახტანგ ჩიქოვანი, ა. ქ. და ზ.ხ; წინიდან კი 2 მათგანი დაუხვდა – არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი.

„როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც  მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – წერია განცხადებაში.