შავგულიძე: თქვენი პოლიტიკა მკაცრ კრიტიკას იმსახურებს დასავლეთისგან და ქებას - მხოლოდ რუსეთისაგან

პუბლიკა

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილს მიმართა, რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა მკაცრ კრიტიკას იმსახურებს მთელი დასავლური სამყაროსაგან და ქებას – მხოლოდ რუსეთისაგან.

„იმ თვალსაჩინო რეალობის წინააღმდეგ, რომ თქვენი პოლიტიკა მკაცრ კრიტიკას იმსახურებს მთელი დასავლური სამყაროსაგან და ქებას მხოლოდ რუსეთისაგან, ხომ არ შეგიძლიათ დაასახელოთ დასავლური დემოკრატიის რომელიმე ქვეყანა, გაერთიანება ან სუბიექტი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს“, – მიმართა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ პრემიერ-მინისტრს.

შავგულიძემ პრემიერს რამდენიმე შეკითხვაც დაუსვა:

„როგორ ფიქრობთ, პირადად თქვენი, თქვენ მიერ დაკომპლექტებული მთავრობისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა იწვევს თუ არა ჩვენს დაშორებას პარტნიორი და მეგობარი დასავლური ქვეყნებისაგან, ასევე ევროკავშირისა და NATO-საგან და შესაბამისად, საქართველოს მარტოდმარტო და პირისპირ დარჩენას ოკუპანტი და აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთს წინაშე.

ამცირებს თუ ზრდის თქვენი პოლიტიკა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებული აქვს სწორედ რუსეთის ფედერაციას.

რამდენად შეესაბამება თქვენი პოლიტიკა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მოქმედებთ თუ არა თქვენ და თქვენი მთავრობა, ბატონო პრემიერო, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.