შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს ხალხის წამებას, ღირსების გაუქმებას, ბიზნესის წართმევას - მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრაველსობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა.

მდინარაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი რუსეთზე ნარატივს 9 წელია არ ცვლის. მისი თქმით, ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, ვისი დახმარებით მიიღო სარგებელი რუსეთმა და ეს ხომ არ იყო სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. მდინარაძის თქმით, საზოგადოებამ ქმედებებით უნდა განსაჯოს, რომელი პარტია ეხმარება რუსეთის საქმეს.

„სპეკულაციური და ბინძური“ – ასე შეაფასა მდინარაძემ „რუსული ნარატივი“.

ასევე, მდინარაძის განცხადებით, როდესაც ცდილობენ „სასტიკი დანაშაულის გადაფარვას, არქმევენ შეცდომებს“.

„შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების გაუქმებას, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, ბიზნესის წართმევას ვერ დაერქმევა შეცდომები, ეს არის უდიდესი დანაშაულები და ცუდი ქმედებები, რომელზეც ყველამ უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, სააკაშვილი 2 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, დანარჩენ ბრალდებებს სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილებასაც გამოიტანს.

„ოღონდ ისეთ სასამართლოში კი არა, მას რომ ჰქონდა, ჟურნალისტებს ფეხი რომ არ ჰქონდათ დადგმული არც ერთ პროცესზე, საუბარი აღარაა იქ რაღაცა პირდაპირ ეთერში ჩართვაზე და ტრანსლირებაზე, არამედ ისეთ სასამართლოში, რომელიც რეალურად დამოუკიდებელია, რაც უნდა სხვა პიარი ალაგონ, სასამართლოზე, რომელმაც დღეს მსჯავრდებული ჩართო პირდაპირ ეთერში, რასაც ვერ წარმოიდგენდა ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა სასამართლოს წინ მიმდინარე აქციაზეც ჰკითხეს, კერძოდ შეახსენეს ოპოზიციის განცხადებები, რომელთა მიხედვით, სააკაშვილის პროცესის დროს სასამართლოს წინ აქცია არ გაიმართებოდა.

„უგულავამ, მისმა ერთ-ერთმა ახლად წამოწეულმა ლიდერმა, იმიტომ რომ რადიკალიზმით გამოირჩევა ეს ადამიანი, გარდა იმისა, რომ ათეულობით მილიონი ლარის მოპარვაზე აქვს მსჯავრდება, თქვა, რომ სადაც გადაიყვანდნენ კლინიკაში, იქ გვქონდაო ეს დათქმაო, სიტყვაზე დაიჭირა ერთ-ერთი ჟურნალისტი, მე არ მითქვამს, სასამართლოს წინ [არ იქნება აქციაო]. პატარა ბავშვები რომ თამაშობენ, არ ვიცი ბავშვებს რას ვერჩი, ეს სიტყვა თქვი? არა, ის სიტყვა ვთქვი – დაახლოებით, ამ დონეზე არიან დასულები.

რეალურად დღეს ხომ გამოჩნდათ, რისთვის სჭირდებოდათ ბრალდებული სააკაშვილის გადაყვანა სასამართლოში? იმისთვის, რაც დღეს დადგეს და რაც ვერ დადგეს, იმისთვის კიდევ უფრო“, – განაცხადა მდინარაძემ.


მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად შენობის მიმდებარედ აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 15 ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეებსა და შსს-ს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ სასამართლოს ეზოს შესასვლელები ჩაკეტა და შიგნით შესვლის საშუალება ყველას არ მიეცა. აქციის მონაწილეები სასამართლოს ღობეზე აძვრნენ, პოლიციამ მათი ჩამოყვანის დროს სპეციალური სპრეიც გამოიყენა. სპრეის ზემოქმედებით და ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

პარალელურად, აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს.


თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმის მორიგი განხილვა გაიმართა, რომელსაც ბრალდებულის სტატუსით პირველად დაესწრო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

1 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი და მისი ადვოკატები მოითხოვდნენ, ბრალდებული თავისი საქმეების განხილვებს დასწრებოდა, თუმცა პენიტენციურ სამსახურს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით სააკაშვილი სასამართლო დარბაზში არ გადაჰყავდა.