„შეგვიძლია, ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC).
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია.
„მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერის გამოსვლამდე კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის სიტყვით გამოსვლა ჰომოფობიური და ტრანსფობიური შინაარსით გამოირჩეოდა.
კონსერვატორთ საერთაშორისო კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური ყრილობაა.

