შეიძინეთ 250-ლარიანი პაკეტი, დამერწმუნეთ, გექნებათ მოტივაცია, ისარგებლოთ ტრანსპორტით - ხმალაძე

პუბლიკა

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა მერის, კახა კალაძის განცხადება ერთწლიანი სატრანსპორტო აბონემენტების განვადებით შეძენასთან დაკავშირებით.

„ეს არის სწორი ტარიფიკაციის პროცესი რომელიც წამოვიწყეთ. მთლიან სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. შეიძლება ვიღაცას ეს სიახლის სახით მოგევლინათ, მაგრამ უკანასკნელი 2 წელია, ვლაპარაკობთ და განვმარტავთ, რომ მალე დაინერგება აბონემენტების სისტემა. გაძვირება არ არის, პირდაპირ შემიძლიათ, გითხრათ, რა შემოსავალსაც აგენერირებდა მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი წელს, იგივე შემოსავალზეა დაგეგმილი მომავალი წელი. როგორ შეიძლება, აქ გაძვირებაზე ვისაუბროთ.

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სურვილი, 250-ლარიანი შეიძინოთ, ან გნებავთ, ერთთვიანი ან სამთვიანი და არ გაქვთ თანხა, შეგიძლიათ, საბანკო დაწესებულებას მიმართოთ და თუ ბანკი შეიმუშავებს ასეთ პროგრამას და საბანკო პროდუქტს შექმნის, შეგიძიათ, განვადებითაც ისარგებლოთ, მაგრამ ასევე შეგიძლიათ შიძინოთ ერთთვიანი სააბონენტო ბარათი.

ჰაერიდან ხომ არ მოგვიტანია ეს რიცხვი – საშუალოდ ერთი აბონენტის დანახარჯი დღეს არის თვეში 40 ლარი, ორ-ნახევარ მგზავრობას ახორციელებს დღეში ერთი ადამიანი, ამიტომ ავიღეთ სწორება იმ დანახარჯზე, რომელიც აქვს დღეს. თუ გინდათ, თქვენი ყოველთვიური მგზავრობა უფრო იაფი იყოს, ვიდრე 40 ლარი, შეგიძლიათ, შეიძინოთ სამთვიანი, 6-თვიანი ან ერთწლიანი. თუ არ გაქვთ ერთწლიანის ყიდვის საშუალება, შეიძინეთ ერთთვიანი. თუ მაინცდამაინც ერთწლიანი გინდათ, მიმართეთ ბანკს…“ – განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერის განცხადებით, თბილისში მგზავრების 33% შეღავათიანი კატეგორიაა, რომლებიც უფასო და შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობენ. მგზავრობების რაოდენობის 50%-ს სწორედ შეღავათიანი კატეგორია ახორციელებს.

ხმალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელი ტარიფიკაციის პოლიტიკა შემოდის.

„ეს სისტემა ემსახურება იმას, რომ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეტად აქტიურად გამოყენება. ეს არის წამახალისებელი პროცესი. თქვენ რომ შეიძენთ აბონემენტს, აბსოლუტურად დარწმუნებული იყავით, რომ  უფრო მეტი მოტივაცია გექნებათ, იმ ვადის განმავლობაში არ გამოიყენოთ ალტერნატიული ტრანსპორტი და ისარგებლოთ იმ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – განაცხადა ხმალაძემ.

ხმალაძის განმარტებით, მერია აუცილებლად განახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომელზეც, მისი თქმით, 3 წელია, მუშაობენ. ის განმარტავს, რომ 50-თეთრიანი ტარიფის შენარჩუნებაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან მთლიანად იცვლება სატარიფო პოლიტიკა. ვიცე-მერმა ოპოზიცია ტყუილებში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ შეკითხვებს პასუხს ამომწურავად ორშაბათს, საკრებულოს სხდომაზე გასცემს.

„მერიამ მომხმარებლებს ისეთი პაკეტი შესთავაზა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, მათთვის ხელსაყრელი შესყიდვა განახორციელონ. თუ ვინმეს სურვილი აქვს, ისეთი პაკეტი შეიძინოს, რომლის საშუალებაც არ აქვს, შეუძლია, მოიშველიოს საბანკო სექტორი“, – ამბობს ხმალაძე.

შეკითხვაზე, მოუწევს თუ არა მოქალაქეს ბანკისთვის პროცენტის გადახდა, ვიცე-მერი ამბობს, რომ ეს მის კომპეტენციაში არ არის.

„ჩვენ განვადებაზე და სუბსიდირებაზე უნდა გვესაუბრა, თუ შემოვიტანდით ერთ უალტერნატივო პაკეტს, 250-ლარიანს, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა გეკითხათ, რა ქნას ადამიანმა, თუ არ აქვს 250 ლარი, მაგრამ 90 წუთიდან დაწყებული, 7 განსხვავებული პაკეტია, მაინცდამაინც რატომ გაქვთ სწორება 250-ლარიან პაკეტზე? მით უმეტეს, დღეს საშუალოდ ერთი აბონენტის დანახარჯია 40-45 ლარი. ახლა რომ საერთოდ მოვხსნათ 250-ლარიანი პაკეტი, 150-ლარიანზე ილაპარაკებთ? ეს ხომ უბრალოდ არჩევანია. თქვენ თუ გაქვთ სურვილი, შეიძინოთ ერთწლიანი პაკეტი, შეიძინეთ. ერთი წელი, დამერწმუნეთ, გექნებათ მოტივაცია, ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – განაცხადა ხმალაძემ.