„დაელაპარაკონ ბანკებს და განწილვადება გაუკეთონ" - კალაძე 250-ლარიან სამგზავრო აბონემენტზე

პუბლიკა

„დაელაპარაკონ ბანკებს და განწილვადება გაუკეთონ. არ მგონია, ეგ პრობლემა იყოს” – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 250-ლარიანი სამგზავრო აბონემენტის შესახებ დასმულ კითხვას ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრობისას.

მისი ეს პასუხი მოჰყვა წამყვანების მიერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ნათქვამისშეხსენებას, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტარია და მაინც გაუჭირდება ერთბაშად 250 ლარის აბონემენტისთვის გაღება. კალაძემ პირდაპირ ეთერში დაითვალა პარლამენტის წევრის წლიური შემოსავალი და თქვა, რომ არ უნდა იყოს დეპუტატისთვის 250 ლარის გადახდა პრობლემა.

ეს ყველაფერი დაინერგება პირველი თებერვლიდან, აბონემენტების გაყიდვა კი 5 იანვრიდან დაიწყება მეტროს სალაროებში, ასევე საქართველოს ბანკის ექსპრესფილიალებში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები:

1. ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი – 1 ლ. – (იმ ადამიანებს, ვინც ხშირად არ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდება შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა – 90 წუთის განმავლობაში ერთ ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და ტრანსპორტის ამ ტიპებს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდის 90 წუთის განმავლობაში).

2. ულიმიტო ერთდღიანი ბარათი – 3 ლ. – (ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად);

3. ულიმიტო ერთკვირიანი ბარათი – 20 ლ. (ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი კვირის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად ტურისტებზეა გათვლილი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათები უფროა გათვლილი, რომელიც ბევრად შეღავათიან ფასში უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირებას);

4. ულიმიტო ერთთვიანი ბარათი – 40 ლ. – (ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ჩვენი გათვლებით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზ.ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაც მათ თვიურ დანახარჯს მინიმუმ 50-60 ლარით განსაზღვრავს. აღნიშნული ბარათის მფლობელები თვის მანძილზე ტრანსპორტზე დანახარჯებზე საშუალოდ 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ);

5. ულიმიტო სამთვიანი ბარათი – 100 ლ. (ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის);

6. ულიმიტო ექვსთვიანი ბარათი – 150 ლ. (ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს);

7. ულიმიტო ერთწლიანი ბარათი – 250 ლ. (ერთწლიანი ბარათის მფლობელს კი თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა).