შეიძლება, სხვადასხვა აზრი გვქონდეს, მაგრამ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ - კალაძე

პუბლიკა

„ჩვენ შეიძლება, სხვადასხვა დამოკიდებულება გვქონდეს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა, რაღაც ხაზები არ უნდა გადავლახოთ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, როემლიც დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

„ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა დღეს პარლამენტში, სხდომათა დარბაზში შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“  წევრს, ანი წითლიძეს, „ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ბერაიამ კი – თეონა აქუბარდიას. დეპუტატი კაცების კომენტრები იყო სექსისტური, ქალებისთვის „შეუფერებელ ქცევაზე აქცენტით”.

„ვფიქრობ, ნებისმიერი გონიერი ადამიანი არ მიესალმება აღნიშნულს და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, სხვადასხვა დამოკიდებულება საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა. რაღაც ხაზები არსებობს და არ უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი. მესმის, პოლიტიკა, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებების გაკეთებისგან“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი ბერაიამ თქვა, რომ თეონა აქუბარდიას პასუხის დროს „განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, ემოციურად გადააჭარბა”. თეონა აქუბარდია მოითხოვს, რომ ბერაიამ თანამდებობა დატოვოს.