დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვაქცინაციის პროცესის შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად დასმულ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა.
იმნაძე საზოგადოებაში გავრცელებულ რამდენიმე არაზუსტ ინფორმაციას გამოეხმაურა. ერთ-ერთი შეკითხვაზე, თუ რამდენად რეკომენდებულია ვაქცინაციის შემდეგ საჭესთან დაჯდომა, პაატა იმნაძე პასუხობს:
„არც „სინოვაკის“ და არც სხვა, ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, არც ერთი ეს ვაქცინა არ მოქმედებს ადამიანის უნარზე, ვთქვათ, მართოს მანქანა და ჩაატაროს მანიპულაციები. ასე რომ, არავითარი საჭიროება იმისი, რომ ადამიანს მანქანაზე ჯდომა აუკრძალო, არ არსებობს. არ არის ეს რჩევა მიზანშეწონილი“, – აღნიშნა იმნაძემ.
მისივე თქმით, ხშირია ექიმების მხრიდან რეკომენდაცია, რომ ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქემ თავი უნდა შეიკავოს ბანაობისგან, რაც, ასევე, იმნაძის განმარტებით, მცდარი ინფორმაციაა.
„ზოგიერთი ჩვენი კოლეგა აცრილებს ეუბნება, არ იბანაოთო. ზოგი იმასაც ეუბნება, 3 დღე არ იბანაოთო. ვიმეორებ: არავითარი საჭიროება არ არსებობს, რომ აცრის შემდეგ არ ვიბანაოთ. ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე პლასტირებს. აცრიდან იმავე წუთს ნუ ვიბანავებთ და ცოტა დროის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის“, – ამბობს იმნაძე.
შეკითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია აცრამდე ან აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პასუხობს:
„ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება მიზანშეწონილი არასდროსაა. მით უმეტეს, აცრის დროს დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან იმუნური სისტემის პასუხს ვირუსზე ხელს უშლის. მაგრამ 1-2 ჭიქა ალკოჰოლის მიღება არც აცრამდე, არც აცრის შემდეგ პრობლემა არ არის. ყველამ თავისი ზომა იცის. შეიძლება ზოგისთვის 1-2 ჭიქაც ბევრი იყოს, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის 1 ჭიქა ალკოჰოლის დალევა ნამდვილად არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას“, – ამბობს იმნაძე.