„შეკრებილები არიან ადამიანები, რომლებსაც „ქართული ოცნება" იყენებს ხოლმე პროვოკაციისთვის" - აქცია „ევროპიული საქართველოს" ოფისთან

პუბლიკა

„ელენე ხოშტარიას მეგობარი ვარ მე, შემოგვივარდნენ კაფეში, მოთხოვნით, რომ „გადადგეს ოკუპანტი ელენე ხოშტარია”, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას თამთა გოგოლაძე. პარტია „ევროპული საქართველოს” ოფისთან ახალგაზრდათა ჯგუფმა აქცია გამართა.

გოგოლაძის თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილს სახეზე ცნობენ. მისივე თქმით, ისინი „ქართული ოცნების” მიერ მართულები არიან.

„ეს ადამიანები ჩვენთვის სახეზე არიან ძალიან ნაცნობები. რამდენიმე მათგანი „გავრილოვის ღამის” პროტესტზე იყვნენ მოსულები პროვოკაციებისთვის. ისინი პოლიციის დახმარებით ჩვენ გავიყვანეთ სცენიდან. რამდენიმე მათგანი იყო საარჩენო უბნებზე, რომლებიც აწყობდნენ პროვოკაციას, ანუ შეკრებულები არიან ადამიანები, რომლებსაც „ქართული ოცნება” იყნებს ხოლმე ზოგადად პროვოკაციისთვის”, – აცხადებს თამთა გოგოლაძე.

„ევროპული საქართველოს” ოფისთან სოლიდარობის გამოცხადების მიზნით მალხაზ მაჩალიკაშვილიც მივიდა: „ესენი ყველა მართულია, თვითონ „ქართული ოცნება” არის მართული… არავის უფლებას არ მივცემთ, ვერავინ სიტვით ვერ შეეხება ვერც ხოშტარიას და ვერც დანარჩენებს”.

„ვაპროტესტებ რუსეთის ჰიმნს, რომელიც დაუკრეს საქართველოს პარლამენტში, რომელიც არის შეურაცხყოფა ჩემი გმირების, რომლებიც რუსეთთან ომს შეეწირნენ. ეს არის სირცხვილი და ნათლად გამოჩნდა, ვინ არის რუსეთის მონა. ეს არის დესტრიქციული ოპოზიცია, რომელიც არაფერში იღებს ხელფასს, მაგათმა არ უდნა აღონ ჩემი ჯიბიდან გადახდილი არცერთი თეთრი”, – აცხადებს აქციის მონაწილე ნათია ბერიძე.


„დატოვონ პარლამენტი ნადირაშვილმა და ხოშტარიამ”, „თქვენი ევროპული საქართველო = თქვენს საბჭოთა საქართველოს”, „ამხანაგო ელენე ხოშტარია, დატოვეთ საპარლამენტო მანდატი” „ლეონიდ ბრეჟნევის ასული ელენე ხოშტარია”, – ამ ბანერებით მოქალაქეთა ნაწილი „ევროპული საქართველოს” ოფისთან არიან შეკრებილები.

„ოკუპანტის ჰიმნის ადგილი საქართველოში არ არის”, – მათ ოფისთან საქართველოს ჰიმნიც ჩართეს.

მანამდე კი, „ევროპილი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ოფისთან ახლოს, ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდების ჯგუფი მივიდა და ელენე ხოშტარიასგან პასუხს ითხოვდა – მიაჩნია თუ არა მას, რომ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაშვება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია.


გუშინ თბილისში ოპოზიციის ორ ოფისთან ელენე ხოშტარიას მიერ პარლამენტის შენობაში საბჭოთა ჰიმნის გაშვება გააპროტესტეს.

დღეს პარლამენტის წევრმა, მამუკა მდინარაძემ შეკითხვას, იყო თუ არა გუშინ ოპოზიციის ოფისებთან გამართული აქციები „ქართული ოცნების“ მიერ  ორგანიზებული, უპასუხა, რომ ამ ახალგაზრდების [აქციის მონაწილეები] შესახებ მას ინფორმაცია გიორგი ჩაკვეტაძემ მიაწოდა.

„მე ამ ახალგაზრდების შესახებ მითხრა გიორგი ჩაკვეტაძემ [„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე], რომ რამდენიმე ათეული მესიჯი მომივიდა უკვეო და არ არსებობსო, რომ ამ გოგოებმა და ბიჭებმა ეს არ გააპროტესტონო. სიტყვა-სიტყვით გიყვებით. ჩვენი ახალგაზრდულის თავმჯდომარემ ჩამაყენა საქმის კურსში, რომ ვერ ვაკავებ ამ ხალხსო“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.


პარლამენტში, 18 თებერვალს არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.