შემუშავებულია 4-წლიანი გეგმა, რომელშიც სოცმუშაკების რაოდენობის ზრდაა გათვალისწინებული - გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. მოხსენებაში ის სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხს შეეხო. როგორც მან თქვა, 4-წლიანი გეგმაა შემუშავებული, სადაც სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა იგეგმება.

„20 წლის თებერვლიდან გაიზრდა სოციალური მუშაკების ანაზღაურება, ეს არ არის, რა თქმა უნდა, საკმარისი, მაგრამ გარდა ამისა, შემუშავებულია 4-წლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდას, ასევე მათი კომპეტენციის ზრდასა და ასევე ანაზღაურების ზრდას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


29 იანვარს 33 სოციალურ მუშაკს გათავისუფლების შესახებ მოულოდნელი შეტყობინება მიუვიდა. სოციალური მომსახურების სააგენტოდან გაგზავნილ შეტყობინებაში ეწერა, რომ ისინი გათავისუფლდნენ და 1 თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულება უწყდებოდათ. სოცმუშაკების გათავისუფლების მიზეზად უწყება რეორგანიზაციას ასახელებს. გათავისუფლებულებისთვის კი ეს მიზეზი ბუნდოვანია და სააგენტოსგან დასაბუთებულ პასუხს დღემდე ითხოვენ – კონკრეტულად რატომ, რის საფუძველზე დაატოვებინეს სამსახური.

18 თებერვალს სოცმუშაკებმა პარლამენტს მიმართეს და სთხოვეს, იტვირთოს ზედამხედველის ფუნქცია და გაარკვიოს, რა ნიშნით გაათავისუფლეს 33 სოციალური მუშაკი სამსახურიდან.