შეთანხმებულია პრინციპული საკითხები, რომლებიც იძლევა ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობას - მიქანაძე

პუბლიკა

„ყველა ძირითადი პრინციპული საკითხი ამ ეტაპზე შეთანხმებულია, რაც ძირეულ რეფორმებს ითვალისწინებს და თვისობრივად ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობებს იძლევა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მისი თქმით, 2024 წლიდან საქართველოში ელექტრონული საარჩევნო სისტემა დაინერგება და საარჩევნო კოდექსში ამ საკითხის დასარეგულირებლად 81-ე თავი გაჩნდება.

„ეს არის თვისობრივად ახალი საარჩევნო სისტემა,  რომელიც გულისხმობს ამომრჩეველთა ელექტრონულ რეგისტრაციას, ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურას შესაბამისი აპარატურის გამოყენებით, ამ აპარატურის მიერ შესაბამისი ხმის ბიულეტენების დათვლასა და შემაჯამებელი ოქმის წარმოდგენას. ელექტრონული საარჩევნო სისტემა შეეხება ამომრჩევლების მინიმუმ 70%-ს.

ამასთანავე, იმ საარჩევნო უბნებში,  სადაც ელექტრონული მთვლელი და მარეგისტრირებელი აპარატურა არ იქნება განთავსებული, ხმის დათვლა  იწარმოებს ჩვეულებრივი წესით, თუმცა თითოეული ბიულეტენი, იქნება ეს სწორად მიცემული ხმა, თუ ბათილი ბიულეტენი, დაექვემდებარება გაციფრულებას. შესაბამისად, ეს ციფრული ვერსიები, უბნების მიხედვით, აიტვირთება ცესკოს შესაბამის ვებპორტალზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული ცვლილებები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ფაქტობრივად,  2024 წლიდან, საარჩევნო სისტემა მთლიანად ელექტრონულ ფორმატზე გადადის“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით GRECO-ს რეკომენდაციის გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც, დღეს არსებული 2 ათას ლარიანი ჯარიმა გაორმაგდება და 4  ათას ლარს შეადგენს.

„ამასთანავე, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებასთან მიმართებაში დღეს არსებული ორთვიანი ხანდაზმულობის ვადა გაიზრდება სამ წლამდე, რაც  იმის საშუალებას იძლევა, რომ თუ ახლად გამოვლენილი გარემოებები გამოჩნდება სამი წლის განმავლობაში კონკრეტული დარღვევის განხორციელებიდან, შესაბამისად მოხდეს ცესკოს მხრიდან რეაგირება და აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდეს კონკრეტული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება, თუკი ამის შესაბამისი მტკიცებულებები იარსებებს“, – განაცხადა მიქანაძემ.

გივი მიქანაძის განცხადებით, მოქმედი კანონით, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების ზედა ზღვარი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ია, რაც ცვლილებების განხორციელების შემდეგ განახევრდება:

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში დღეს მოქმედი ნორმით თითოეულ  პოლიტიკურ სუბიექტს ერთი წლის განმავლობაში ზღვრულად შეუძლია გამოიყენოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1%-ის ოდენობის თანხა, რაც დღევანდელი რეალობით 60 მილიონი ლარია. იმისთვის, რომ ეს ჭერი შევამციროთ, რაც  GRECO-ს რეკომენდაციაა და რეალურად, მივცეთ პარტიებს საშუალება, ფინანსურად უფრო თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ, „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, აღნიშნული რეკომენდაცია  შესრულდეს. ეს  გაზიარებულ იქნა სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ, რის შედეგადაც ყოველწლიურად პოლიტიკურ სუბიექტს არ ექნება მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05% -ზე მეტის გამოყენების შესაძლებლობა, რაც დღევანდელი მოცემულობით არის, მაქსიმუმ, 30 მილიონი ლარი.“

მისი თქმით, ცვლილებების პაკეტი მოიცავს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების მიმართ. კერძოდ, მათი არჩევა ვერ განხორციელდება, თუ ისინი ბოლო ორი საერთო ან შუალედური არჩევნებისას რომელიმე საარჩევნო კომისიაში იყვნენ წარმოდგენილი რომელიმე პარტიის მიერ, ან იყვნენ რომელიმე კონკრეტული სუბიექტის წარმომადგენლები, ან  საარჩევნო წლის  დაწყებიდან არჩევნების დღემდე რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ განხორციელებული აქვთ  შესაბამისი შემოწირულობა, რაც საჯაროდ წყაროებით მტკიცდება.

გივი მიქანაძის განცხადებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აისახოს საკანონმდებლო ცვლილებებში, რომელითაც  პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები დაექვემდებარონ სერტიფიცირებას და შეიქმნას შესაბამისი ბაზა, სადაც ყველა ეს სერთიფიცირებული კომისიის წევრი იქნება წარმოდგენილი. ამასთანავე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესების საკითხზე დღეს არსებული 30 დღიანი ვადა შემცირდება 15 დღემდე.

მისივე თქმით, იმ უბნებში, სადაც ელექტრონული მთვლელი აპარატურა არ იქნება წარმოდგენილი და შემთხვევით შერჩეული უბნების გადათვლა არსებული კანონმდებლობის მიხედვით განხორციელდება,  უბნების გადასათვლელად დამატებითი კრიტერიუმები შემოვა.

„თუ უბანში დათვლის შედეგად აღმოჩნდება ხუთით მეტი ბიულეტენი, ან ათით ნაკლები ბიულეტენი, მისულ ამომრჩეველთან შედარებით, ეს იქნება დამატებითი კრიტერიუმი, რომ ამ უბნის გადათვლა მოხდეს. თუმცა ეს უბანი არ წავა იმ უბნების საერთო სათვალავში,  რომელიც შემთხვევითობის პრინციპით ისედაც უნდა შეირჩეს და რომლის გადათვლაც უნდა მოხდეს“, – განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა.

გივი მიქანაძის თქმით,  მარკირებას დაექვემდებარებიან ის ამომრჩევლები, რომლებიც   გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.

მისივე განმარტებით,  გაფართოვდება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მანდატი. კერძოდ, არასაარჩევნო პერიოდში კანონმდებლობით, მათთვის გათვალისწინებული იქნება შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდნენ და დაესწრონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებს და მონიტორინგი გაუწიონ მის საქმიანობას.

„ამასთანავე  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებიდან  გამომდინარე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებზე დადგინდება გარკვეული შეზღუდვები. თუ დამკვირვებელი, რომელიც იდენტიფიცირებული და წარდგენილი იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ოფიციალურად კონკრეტული რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ და გამოვლინდება, რომ ის ბოლო ორი საერთო თუ შუალედური არჩევნების დროს იყო რომელიმე კონკრეტული პოლიტიკურ სუბიექტის წარმომადგენელი, ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ან უფიქსირდება შემოწირულობა რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში  კონკრეტულად ეს ადამიანი მოიხსნება რეგისტრაციიდან, როგორც დამკვირვებელი, მაგრამ ორგანიზაცია და მის მიერ წარმოდგენილი სხვა დამკვირვებლები სადამკვირვებლო ფუნქციას განახორციელებენ. ეს არის ის მინიმალური შეზღუდვა, რომელიც ბევრ ევროკავშირის წევრ  ქვეყანაში უფრო მკაცრად არის სანქცირებული“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით,  საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა 2 დღიდან 3 დღემდე იზრდება.

გივი მიქანაძის განცხადებით, გათვალისწინებული  იქნა პოლიტიკური ჯგუფების – „გირჩის“ და „მოქალაქეების“ თხოვნა, რომლის თანახმად, შემცირდება პროპორციულ სიებში წარსადგენ პირთა მინიმალური რაოდენობა. კერძოდ, პარლამენტის წევრთა კანდიდატთა სიის შემთხვევაში,  ეს იქნება, სულ მცირე, 76 ადამიანი, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატთა პროპორციული სიის შემთხვევაში – სრული რაოდენობის ნახევარი.