„შეუსრულეთ ერთადერთი მოთხოვნა პრეზიდენტ ზელენსკის" - ხაბეიშვილი ხელისუფლებას მიმართავს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებს  ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და გადასცეს ის უკრაინას, როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ მოითხოვა.

ხაბეიშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ხელისუფლებამ უნდა „შეუსრულოს უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთან აქვს“.

როგორც იცით, უკრაინის პრეზიდენტმა, გუშინ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის, ზელენსკის განცხადება, რომელიც ითხოვს უკრაინის მოქალაქის, სააკაშვილის გათავისუფლებას და გადაცემას, როგორც უკრაინის მოქალაქის. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ისტორიული შანსი ამ უთანასწორო ბრძოლაში, როცა პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ერთადერთი თხოვნა აქვს საქართველოსთან, გადასცეს მისი მოქალაქე, თანამდებობის პირი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალია. ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი რეფორმატორი, ლიდერი ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს. შესაბამისად, ხელისფლებამ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს და ეს ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრლოს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის“, – თქვა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 4 ივლისს, 19:00 საათზე კლინიკა „ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გეგმავს. როგორც პარტიის თავმდჯომარე ამბობს, მხარდამჭერები და პარტიის წევრები კლინიკასთან 6 საათიდან დაიწყებენ შეკრებას.

გუშინ, 3 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მესამე პრეზიდენტი დისტანციურად ჩაერთო. სწორედ სააკაშვილის კადრების ნახვის შემდეგ დაწერა ზელენსკიმ twitter-ზე სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე. მისივე გადაწყვეტილებით, უკრაინა უნდა დატოვოს საქართველოს ელჩმა უკრაინაში და თბილისში მოლაპარაკებები გამართოს.

„მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.