შეწუხებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით - კელი დეგნანი

პუბლიკა

„რა თქმა უნდა, ჩვენ შეწუხებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონში აქტიურად ადევნებენ მიმდინარე პროცესებს თვალს. კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ სახელმწიფოს უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა პრეზიდენტის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. რა თქმა უნდა, რადგანაც პრეზიდენტი არის უკრაინის მოქალაქე უკრაინის სახელმწიფოს დაინტერესება არის დიდი, რომ მისი მოქალაქე იქნას დაცული. ჩვენი მხრიდან კვლავ იქნება მოწოდება, რომ მისი ჯანმრთელობით დაინტერესდნენ პროფესიონალი სამედიცინო სპეციალისტები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი უნდა გადაწყდეს სამედიცინო პროფესიონალების მიერ.

„მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი, რომ ამაზე კონკრეტულად გიპასუხოთ, მაგრამ ვიცი, რომ სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ იმ საავადმყოფოს, რომელიც არის პენიტენციურ დაწესებულებაში, არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს კონკრეტული სამედიცინო მომსახურება და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი უნდა იყოს, თუ რა სახის დახმარება სჭირდება მას, იმისათვის, რომ მიიღოს სამედიცინო დახმარება.

ეს უნდა გადაწყდეს სამედიცინო პროფესიონალების მიერ, სამართლიანად და მიუკერძოებლად, რადგან აქ საუბარი შეეხება ადამიანის სიცოცხლეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დეგნანმა.