„შეწყდეს რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობა“- საპროტესტო აქცია ონში

პუბლიკა

საქართველოს მთავრობა რაჭაში და ლეჩხუმში ჰიდროელექტროსადგურების ორი მასშტაბური კასკადის აშენებას გეგმავს – ონის და ნამახვანის კასკადებს. ისინი საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას – წერია პეტიციაში, რომელიც აქტივისტებმა და რაჭის მოსახლეობამ  გაავრცელეს.

„გადავარჩინოთ რიონი“, „არა ონის კასკადს“, „არა ნამახვანი ჰესს“- ონში მოქალაქეები, აქტივისტები, ადგილობრივი მოსახლეობა მსვლელობით და აქციით ჰესების მშენებელობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილე, აქტივისტი და მოძრაობა „არა ონის კასკადის“ წევრი თამთა მეტრეველი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ონის კასკადი მასშტაბური პროექტია, რომელიც დიდ ზიანს მოუტანს გარემოს და ადგილობრივ მოსახლოებას.

„ჩვენ და ყველა თავისუფალი ექსპერტი, ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ბოლო 2 წლის მანძილზე ამ პროექტის შესახებ, მივიჩნევთ, რომ ის ძალიან დიდ ზარალს მოუტანს ჩვენს ხეობას, რაც საბოლოოდ, კიდევ მეტად დააზარალებს გარემოს და იმ ტურისტულ პოტენციალსაც შეუმცირებს რეგიონს, რაც აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი რაჭაშია და ჰესების აშენებით დიდი საფრთხე და ზარალი ემუქრება ზემო რაჭას. დღევანდელი აქციაც იმის მაჩვენებლია, თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა და რამდენი ადამიანი ამბობს „არა ონის კასკადს“. ადამიანების აქტიურობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხალხი არის სახელწმიფო, შესაბამისად, ხალხის აზრი არის გამაწყვეტი, “- ამბობს თამთა მეტრეველი.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე დავით სიმსივე, ნამახვანიდანაა. ის ონის მოსახლეობის მხარდასაჭერად მივიდა აქციაზე: „არ გვინდა ჰესები, რომლებიც ასეთ საფრთხეს უქმნის გარემოს. ჩვენი, ლეჩხუმის ხეობა უნიკალურია. ვაზის ჯიშებს, ტვიშს, სოფლებს – ამ ყველაფერს საფრთხე ემუქრება. საქართველო ხუთი თითივითაა, რა მნიშვნელობა აქვს რომელს მოაჭრიან, სწორედ ამიტომ ვართ აქ და ვდგავართ რაჭის მოსახლეობის გვერდით, “- ამბობს დავით სიმსივე.

ეკა მეტრეველი უწერადან ამბობს, რომ ძალიან ეშინიათ, სეისმურად ეს მხარე ისედაც საფრთხეს წარმოადგენს, ხშირია მიწისძვრები და ჰესის აშენება კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ეკოსისტემას.

„დატბორავს უწერას და მთლიანად ეს ჩაყოლება რა სოფლებიცაა, დაიტბიორება ყველაფერი. ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს უწერას შოვს და აქ აღარავინ აღარ მოვა ჰესი რომ აშენდეს,”-ამბობს ის.

პეტიციაში ნათქვამია, რომ ონის სოფლების თავზე, სეისმურად და გეოლოგიურად შეუსწავლელ მთებში, გვირაბებში მოქცეულმა რიონმა, შესაძლოა დიდი საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს და გააქროს უწერის ცნობილი მინერალური წყლები,  რაც რეგიონს მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს შეზღუდავს.

მოსახლეობა და ქტივისტები ამბობენ, რომ არც ონის, არც ნამახვანის კასკადის პროექტებში, სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები. ეს მაშინ, როცა რაჭა-ლეჩხუმს კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, გამანადგურებელი მიწისძვრა ახსოვს და მისი განმეორების შესაძლებლობა არსებობს.

„შემოგვიერთდით, დავიცვათ რიონი, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი მომავლის და კანონის დაცვას ნიშნავს. გადავარჩინოთ რაჭა-ლეჩხუმი!”, – მოუწოდებს მოქალქეებს ადგილობრივი მოსახლეობა.

პეტიციის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ ნამახვანის ჰესი მიკროკლიმატსაც შეცვლის ლეჩხუმში. ეს იმას ნიშნავს, რომ დაიკარგება უნიკალური ქართული ვაზის ჯიშის –  ცოლიკაურის მიკროზონა, ანუ, ტვიშის ღვინო, ისევე როგორც უსახელოურის მიკროზონა. პროექტს ასევე ზემოქმედება ექნება ამბროლაურში ხვანჭკარას მიკროზონაზე:„ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია ადგილობრივი მეწარმეებისთვისაც, რომელთა წლების განმავლობაში გაშენებული ვენახები და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ხალხისგან ისედაც დაცლილ მთის სოფლებში ტურისტების მოზიდვა, წყალში ჩაიყრება.”

რაჭის მოსახლეობა ხაზს უსვამს, რომ არც ერთ პროექტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობისა და საზოგადოების სათანადო ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე, კანონდარღვევით გაიცა.

„მიუხედავად უამრავი რისკისა და პრობლემისა, კანონდარღვევებისა, სათანადო წინასწარი კვლევებისა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა და, უკვე წლებია, ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტისა, ონისა და ნამახვანის ჰესების შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობამ უკვე გასცა.  ონის კასკადზე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ხოლო ნამახვანის ჰესზე – სამშენებლო ნებართვაც წინასწარ სამუშაოებზე. ლეჩხუმში მძიმე ტექნიკა უკვე შევიდა და, ხალხის პროტესტის ფონზე, სამუშაოები დაიწყო, “- ნათქვამია პეტიციაში.


ონის ჰესების კასკადის შესახებ:

2020 წლის 17 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ონის ჰესების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არის აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა.

„ონის ჰესების კასკადის პროექტი“ მოიცავს ორ ჰესს: ონი 1 ჰესი და ონი 2 ჰესი. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრეა 206.1 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავებაა 780 მლნ კვტ.სთ.

კასკადის თითოეული საფეხურის შემადგენლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ნაგებობები:
● სათავე წყალმიმღები ნაგებობა;
● სადერივაციო-სადაწნეო სისტემა;
● ძალური კვანძი (ჰესის შენობა და ქვესადგური).

ნამახვანის ჰესის შესახებ:

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობა.  პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნამახვანის ჰესების პროექტი  433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და მოიცავს ორ მაღალკაშხლიან რეზერვუარს. მისი განხორციელება გამოიწვევს 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას და, გარემოსთვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან ერთად,  გაქრობით ემუქრება ყურძნის უნიკალური ჯიშის – ტვიშის მიკროზონას.

ამავე თემაზე;

► რატომ არაა რაჭაში მართებული ჰესების აშენება – WWF-ის 4 არგუმენტი;

► მდ. რიონის ნაწილი მიემართება მილებში, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა – მინისტრი ონის კასკადზე;

► ყველა კანონიერი გზით შევეცდებით, ონის ჰესების კასკადი არ აშენდეს – რაჭის სათემო ორგანიზაცია;

► ნამახვან ჰესის კასკადი და შეშფოთების მიზეზები – გახარიას ღია წერილით მიმართავენ;

► ნამახვანის ჰესების პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ;