შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა | პეტიცია

პუბლიკა

მოქალაქებმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნით, პეტიცია შექმნეს. პეტიციას ამ დროისთვის 238 ადამიანი აწერს ხელს. 

მიხეილ სააკაშვილი 31-ე დღეა, შიმშილობს.  ის 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ექიმებით.

30 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო დახმარებასა და კონსილიუმის წევრებთან კომუნიკაციაზე უარი თქვა. საჭიროების შემთხვევაში კონსილიუმის რეკომენდაციაა, სააკაშვილი გადაიყვანონ c ტიპის დაწესებულებაში, თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, კონსილიუმის წევრთა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს ციხის საავადმყოფო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის გადასაყვანად სთავაზობს.

იუსტიციის სამინისიტროში კი ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო მზადაა, მიიღოს მოშიმშილე პატიმარი და მართოს მისი მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს. ადვოკატების განცხადებით, მიზეზი მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებაა და ასევე ის, რომ აღნიშნულ საავადმყოფოს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სათანადოდ მართოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მიხეილ სააკაშვილის საქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით, არაერთი განცხადება გაავრცელეს როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკურმა პარტიებმა.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების გამო; აგრეთვე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვისთვის.