ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „შლოპანცი“ ბარბარიზმია და მისი ქართული შესატყვისია „შლაპუნა.“
„ღია ფეხსაცმლის ერთ-ერთ სახეობას ეძახიან „შლოპანცს“. ეს სიტყვა ბარბარიზმია, რუსული ენიდან არის შემოსული და არცერთ ქართულ ლექსიკონში არ დასტურდება.
ენათმეცნიერმა ანა ჭაბაშვილმა „შლოპანცის“ ნაცვლად „შლაპუნა“ შემოგვთავაზა.
ამ სიტყვის შესახებ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: „შლაპუნა (შლაპუნასი) – რაც შლაპუნის ხმას გამოსცემს. იმ დღემდის ჩემ ფეხს ჩექმა არ მიჰკარებია და მხოლოდ შლაპუნა ფოსტლებს ვიცვამდი ხოლმე (აკაკი).“
სიტყვა „შლაპუნი“ კი ასე განიმარტება: „შლაპუნ-ი (შლაპუნისა) მოქნილი რისამე ცემის, რტყმის ხმა. აი, ღვთის წყალობა გაქვს, მე იმათ შლაპუნი ავუტეხო გვერდებში, _ თქვა ცეცომ…, _ მათრახი კი არა, კაი საკამბეჩე იფნის სახრე და იმათი ჯანი! (ს. მგალობ.). დათუას არ ესმოდა… ვენახის გვერდით წყალში თევზების შლაპუნი (შ. არაგვ.).“ – ვკითხულობთ ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.