შრომის ინსპექციის მიერ დაჯარიმებული კაფე-ბარები ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავენ

სალომე გორგოძე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებული წესების დარღვევისთვის 16 ობიექტი დააჯარიმა. გუშინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ  განაცხადა, რომ 26 კვების ობიექტიდან, რომლებიც გასული კვირის მიწურულს შეამოწმეს, ნორმები 16-მა ვერ დააკმაყოფილა და 10 000 ლარით დაჯარიმდნენ.

დაჯარიმებულ 16 ობიექტს შორის არიან „ფაბრიკისა“ და „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე მდებარე რესტორნები და ბარი „პოლიტიკა“.

დაჯარიმებული ბარის ხელმძღვანელები „პუბლიკასთან“ ამბობენ, რომ ძირითადად ბიუროკრატიული წესების დარღვევის, „აბსურდული მიზეზების“ გამო დააჯარიმეს, რის გამოც დარჩათ განცდა, რომ ინსპექტირება იმთავითვე მათ დაჯარიმებას ისახავდა მიზნად. ისინი ფიქრობენ, რომ მათთვის ჯარიმა უსამართლოდ გამოიწერა, ამიტომ გასაჩივრებას გეგმავენ. დაჯარიმებული ბარის დამფუძნებლები ამბობენ იმასაც, რომ შექმნილ ვითარებაში ჯარიმა მათთვის ძალიან მძიმე ტვირთია და არ არის გამორიცხული, ფინანსურმა ტვირთმა ბევრი ბარი დახურვის პირას მიიყვანოს.

ბარ „პოლიტიკის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ანა ციმინტია „პუბლიკას“ უყვება, რომ ინსპექტორები ბარში შაბათს მივიდნენ. ოქმი რამდენიმე დარღვევის გამო შედგა, მათ შორის იყო ის, რომ მომსახურე პერსონალი იყენებდა მხოლოდ პირბადეს და არ იყენებდნენ ფარს. ანა ამას იმით ხსნის, რომ რეგულაციებში გაწერილია ფარის ან ნიღბის ტარება, გამომდინარე იქიდან, რომ ბარი მხოლოდ ღია სივრცეში ემსახურებოდა მომხმარებელს, თანამშრომლებსაც მხოლოდ პირბადე ეკეთათ.

„ასევე, ერთ-ერთი პუნქტი იყო ის, რომ არ გვქონდა გამოკრული ჭურჭლის რეცხვის ინსტრუქციები სამზარეულოში. თითქმის ყველა ინსტრუქცია და სტიკერი გამოკრული გვაქვს და გამოგვრჩა ამ ერთი სტიკერის გამოკვრა. ინსტრუქტაჟი მთელი ჩვენი პერსონალისთვის ჩატარებული გვქონდა, მაგრამ მოგვთხოვეს ხელმოწერები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პერსონალი ინსტრუქტაჟს გაეცნო. ჩვენ პერსონალს ვერბალური ინსტრუქტაჟი ჩავუტარეთ, რაზეც გვითხრეს, რომ ამ ინსტრუქტაჟის დამადასტურებელი ჩანაწერიც უნდა გვქონოდა.

ასევე, მოგვედავნენ მაგიდებს შორის დისტანციებზე, რაც არის ტყუილი, რადგან გადაზომილი გვაქვს და ყოველთვის ვაკონტროლებთ, მონიშნულიც გვაქვს, უბრალოდ, რამდენიმე სტიკერი ამ დროის განმავლობაში იყო ამძვრალი, გაცვდა და ასძვრა. ყველა მაგიდას არ ჰქონდა ეს სტიკერი, თუმცა 2-მეტრიანი დისტანციით დგას ეს მაგიდები. ამაზე რომ მოგვედავნენ, ვთხოვეთ, რომ თავად გადაეზომათ. გადაზომეს მტკაველით, მეტრიანიც კი არ ჰქონდათ და დაასკვნეს, რომ დისტანცია არ იყო დაცული.

ასევე, მოგვედავნენ ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტის ყოფნის გამო. ჩვენ ავუხსენით, რომ ღია სივრცეში ადამიანები მუდმივად მოძრაობენ და არის რამდენიმეწუთიანი ეპიზოდი, როცა ვინმე მეშვიდეც ჩამოჯდება, იქამდე, სანამ ჩვენი პერსონალი მივა და გააფრთხილებს. ჩვენ ამ საკითხს უყურადღებოდ არ ვტოვებთ“.

ანა ციმინტია გვეუბნება იმასაც, რომ , სანამ ბარი გაიხსნებოდა, ჰქონდათ კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა, თუკი შესაძლებელი იყო, ბარი შეემოწმებინათ და მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები, რასაც მუშაობის დროს გაითვალისწინებდნენ, –„როცა შემოწმებაზე მოვიდნენ, ჩავთვალეთ ლოგიკურად, რომ გვამოწმებდნენ იმისთვის, რომ რჩევები და რეკომენდაციები მოეცათ, თუმცა იმ დღესვე გვითხრეს, რომ ოქმს შეადგენდნენ და გვაჯარიმებდნენ“.

ანა ამბობს, რომ ბარისთვის, რომელსაც ორ თვეზე მეტია, პანდემიის გამო არ უმუშავია და უამრავი ფინანსური ვალდებულება აქვს, 10 000-ლარიანი ჯარიმა ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთია და ბევრ ობიექტს, მათ შორის, ბარ „პოლიტიკას“ დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს. მისივე თქმით, დაჯარიმებული ბარის ხელმძღვანელები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან კონსულტაციას გადიან და კოლექტიური სარჩელით ჯარიმების გასაჩივრებას უახლოეს 10 დღეში გეგმევენ.

„განცდა მაქვს, რომ იმიტომ კი არ დაგვიწერეს ჯარიმა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დარღვევა იპოვეს, უბრალოდ, დავალება ჰქონდათ ეგეთი, რომ ჯარიმები უნდა გამოეწერათ“, – უთხრა „პუბლიკას“ „წიბახას“ დამფუძნებელმა გიგა წიბახაშვილმა.

ისიც მიიჩნევს, რომ მიზეზები, რის გამოც დარღვევების ოქმი შედგა „აბსურდულია“ და არ შეიძლება მათ გამო 10 000 ლარით დაჯარიმება.

„მაგალითად, მოგვედავნენ იმაზე, რომ არ გვქონდა ფურცელი, რომელზეც თანამშრომელს ექნებოდა ხელი მოწერილი, რომ მათ ჩაუტარდათ კორონასთან დაკავშირებით ინსტრუქტაჟი. არსად არ ეწერა, რომ ასეთი რაღაც უნდა გვქონოდა. მოგვედავნენ იმაზეც, რომ დეზობარიერთან არ იყო სტიკერი, სადაც ეწერებოდა რომ სწორედ მასზე უნდა გადაევლოთ.

რეგულაციით გათვალისწინებული ყველა სტიკერი გვაქვს, მაგრამ არ გვქონდა სტიკერი, რომელზეც კოვიდინფექციის შესახებ იქნებოდა გამაფრთხილებელი ინფორმაცია დატანილი. ალოგიკურია, უამრავი სხვა სტიკერი ხომ სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ კორონავირუსის საფრთხე არსებობს. ასეთი დავალება ჰქონდათ, რომ ჯარიმები გამოეწერათ და გამოწერეს კიდეც“,– გვითხრა წიბახაშვილმა.

გუშინდელ ბრფინგზე ფერაძემ განაცხადა, რომ რეკომენდაციების შემუშავების პროცესში ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ჩართული იყო ფაქტობრივად ყველა ის ასოციაცია, რომელიც ქვეყანაში დარგის მიმართულებით არსებობს და მათ შორის  რესტორნების და კვების ობიექტების მიმართულებით, შესაბამისად ვირუსის პრევენციისთვის „თამაშის წესები“ და რეკომენდაციები მათთან თანამშრომლობით შემუშავდა.

„სოციალური ქსელების მეშვეობით ვნახეთ ის კადრები, რომელიც ამა თუ იმ მეწარმე სუბიექტთან კვების ობიექტებზე ფიქსირდებოდა. ეს იყო სტანდარტებისა და თამაშის წესების დარღვევა, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ. სწორედ ამიტომ პარასკევს და შაბათს განხორციელდა ინსპექტირება ასეთი ტიპის ობიექტებზე…. ხაზი მინდა გავუსვა, რომ  ჩვენი სამსახურის ან სახელმწიფოს თვითმიზანი არ არის სანქციის გამოყენება. გეგმურ ინსპექტირებამდე ჩვენ განვახორციელეთ 11 400 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება. მიუხედავად ამისა, ჩვენ აღმოვჩნდით უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, რომ გამოგვეყენებინა სანქცირება და ამით მოგვეხდინა პრევენცია“, – განაცხადა ფერაძემ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბიზნესსუბიექტებზე ჯარიმის გაწერის 2 მიზეზი დაასახელა და აღნიშნა, რომ შემოწმება მომავალშიც გაგრძელდება: „ეს ნაბიჯი გადავდგით იმიტომ, რომ პირველი – მომხდარიყო პრევენცია და მეორე – კეთილსინდისიერი მეწარმე, რომელიც იცავს იმ სტანდარტებს სარესტორნე ბიზნესში – 6 ადამიანზე მეტს არ განათავსებს მაგიდასთან და ა.შ. – იყო არაკონკურენტულ გარემოში, ვინაიდან ერთი იცავს და მეორე – არა. რეალურად, ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი და ინსპექტირება გაგრძელდება.“

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან დაკავშირებით, დეტალურად იხილეთ ბმულზე.