შრომის ინსპექციის შექმნისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ნეკროლოგები დაგვისაბუთოს - ღვინიანიძე

პუბლიკა

„შრომის ინსპექციის შექმნისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ნეკროლოგები დაგვისაბუთოს. რამე გააკეთეთ ამ ხალხისთვის, ვინც ამ კომპანიის მფლობელების მოგებისთვის სიკვდილზე მიჰყავთ!“, – ასე ეხმაურება „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლინა ღვინიანიძე წუხელ ტყიბულის შახტში მომხდარ აფეთებას, რომლის დროსაც დაშავდა რვა და გარდაიცვალა ერთი მეშახტე.

მომხდარის გამო, განცხადება გაავრცელა შრომის ინსპექციამ. მათი თქმით, პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა. ინსპექციის თქმით, აფეთქების დროს ჰაერში მეთანის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აჭარბებდა.

„შრომის ინსპექციამ უკვე თქვა რომ: „აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას“. ეს ინსპექციის გარეშეც ვიცით, რომ ასეა. ასეთი აფეთქებები მაშინ ხდება, როდესაც მეთანის კონცენტრაცია სათანადოდ გაზომილი არ არის ან ეჭვია, რომ მაღალია მაგრამ ბრიგადა მაინც იღებს დავალებას აფეთქებაზე.

ასე იყო 2018 წელს, როცა სახიფათო და რთულ უბანზე მუშაობა დაევალათ მეშახტეების რამდენიმე ცვლას. ერთის მამა გვიყვებოდა, რომ მის შვილს ამ უბანზე შესვლის ეშინოდა. ამბობდა, რომ სახიფათოა იქ აფეთქება, თუმცა მაინც ავალებენ. უბანზე მუშაობის დაწყებიდან მალე მეგობრებთან ერთად ამ უბანზე აფეთებას ემსხვერპლა, რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. იმ წელს ამ შახტში 12 ადამიანი დაიღუპა.

მიუხედავად იმისა, რომ შახტს მუშაობა პანდემიის მიუხედავად არ შეუწყვეტია, ინსპექცია 2020 წლიდან იქ ერთხელაც არ შესულა“, – წერს ღვინიანიძე სოციალურ ქსელში.


ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი – ჭაბუკა სოფრომაძე, ტყიბულის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დაშავებული 8 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის ცნობით, განსაკუთრებით მძიმეა ერთი მეშახტის მდგომარეობა, რომელიც სხეულის 60%-იანი დამწვრობით რეანიმაციაშია მოთავსებული.