პირველადი შეფასებით, შახტში აფეთქება უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა - ინსპექცია

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრის წუხელ ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთების შესახებ განცხადებას ავრცელებს. გუშინ აფეთქების შედეგად დაშავდა 1 ადამიანი დაიღუპა, 8 მუშა დაშავდა.

სამინისტროს ცნობით, შრომის ინსპექციის სამსახურმა ტყიბულის შახტში მომხდარი ინციდენტის მოკვლევა უკვე დაიწყო.

„ფაქტზე,  მოხდა მყისიერი რეაგირება და  ინსპექტორთა ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა. მიმდინარეობს საკითხის კომპლექსური შესწავლა, რაც მხარეთა გამოკითხვას და ადგილის სრულყოფილ დათვალიერებას გულისხმობს.

პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა. კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.

დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქბლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა, “- ამბობენ შრომის ინსპექციაში.

მათივე ცნობით, გამოკვეთილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა. შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება.


ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი ადამიანი ტყიბულის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

8 დაშავებულის მკურნალობა თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. შემთხვევა 30 იანვარს, ღამით მოხდა.