ტყიბულის შახტში დაშავებულთაგან ერთი მეშახტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა - ექიმი

პუბლიკა

ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად დაშავებული 8 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის ცნობით, განსაკუთრებით მძიმეა ერთი მეშახტის მდგომარეობა, რომელიც სხეულის 60%-იანი დამწვრობით რეანიმაციაშია მოთავსებული.

„გამთენიისას ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს 8 პაციენტი კატასტროფის ბრიგადის მიერ ტყიბულიდან. სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანება. სამი მათგანი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, აქედან ერთი მათგანის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. დანარჩენი ხუთი პაციენტი მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში, გარდა დამწვრობისა, აღენიშნებათ სხვადასხვა ადგილის ტრავმული დაზიანებები და მოტეხილობები. ამ წუთებში უტარდებათ კვლევა და გარკვეული სამედიცინო ჩარევები. იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, საკმაოდ სერიოზულია, ერთ-ერთ მათგანს 60%-ით დაზიანება და თერმული დაზიანება აღენიშნება, ყველა მათგანი არის კონტაქტური და ადეკვატური“, – განაცხადა ექიმმა გუგა ქაშიბაძემ.

ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი ადამიანი ტყიბულის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შემთხვევა 30 იანვარს, ღამით მოხდა. რამ გამოიწვია აფეთქება, ჯერჯერობით, უცნობია.

ტყიბულში შახტების მფლობელმა კომპანია „საქნახშირმა“ განაცხადა, რომ ადგილზე შრომის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო.