შსს აქციის მონაწილეებს შეახსენებს, რომ „აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება“

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრსო დღეს, 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.