შსს-ს ინფორმაციით, ჩოხატაურში ენმ-ზე თავდასხმაში მონაწილე 4 პირი დააკავეს

პუბლიკა

ჩოხატაურში, ენმ-ზე თავდასხმაში მონაწილე 4 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „პუბლიკას” შსს უდასტურებს. მათი ინფორმაციით, ისინი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

დაკავებულთა ვინაობა უცნობია, თუმცა „მთავარი არხის“ ინფორმაციით,  დაკავებულთაგან ერთ-ერთი თავდასხმაში მონაწილე ლაშა გიორგაძე, ტელეკომპანიის ინფორმაციით, მაჟორიტარ ვასილ ჩიგოგიძესთან დაახლოებული პირია.

გუშინ, 3 სექტემბერს გურიაში, ჩოხატაურში რამდენიმე პირმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით მჟავანაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობდნენ, რომ  მათ თავს მაშინ დაესხნენ, როცა ქალაქში ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის გასხვისებას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ.

პარტიის ინფორმაციით, ენმ-ს წევრებს დაახლოებით 20-მდე ადამიანი დაესხა თავს. შსს-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.