შსს-ში ამბობენ, რომ ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და მის ძებნას განაგრძობენ

პუბლიკა

შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და მისი ძებნა გრძელდება.

„კიდევ ერთხელ გვინდა ყველას მივმართოთ, რომ მსგავსი სიმძიმის დანაშაულზე ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებების პარალელურად, ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს. ვინაიდან, საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს“,- განაცხადა ბორცვაძემ.

გუშინ, 25 ოქტომბერს, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ზუგდიდიში ბანკზე თავდამსხმელი იდეტიფიცირებულია, სამართალდამცველებისთვის მისი ვინაობა ცნობილია.

შსს-მ მოუწოდა საზოგადოებას და მედიას, თუ მათთვისაც ცნობილი გახდება თავდამსხმელის ვინაობა, არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის საგამოძიებო მოქმედებებს.


21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა. მძარცველს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ის 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვდა. ოფიციალური ცნობით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. ბოლო ცნობით, ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის დაკავების მიზნით კი, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.