შუქრუთელებისთვის კომპენსაციის სამართლიანი სტანდარტის განსაზღვრა | მიმართვა მთავრობას

პუბლიკა

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტმა, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია გრძელდება, თბილისში გადმოინაცვლა.

პროტესტის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” მოპოვებითი საქმიანობის შედეგად დაზარალებული ოჯახების კომპენსაციის სამართლიანი სტანდარტის განსაზღვრას მოითხოვენ, რისთვისაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ – მოსახლეობის ნაწილს, მათ შორის ქალებს, პირი აქვს ამოკერილი და შიმშილობას აგრძელებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს და მიმართავს მთავრობას.

დღეს ცენტრის ოფისში პრესკონფერენცია გამართა ორგანიზაციის იურისტმა, თათული ჭუბაბრიამ.

„მთავარი შეუთანხმებლობა, რაზეც მოსახლეობა საუბრობს არის ის, რომ შუქრუთელებს მიაჩნიათ, ის კომპენსირების წესი, რომელიც კომპანიამ განსაზღვრა, არის უსამართლო, ასევე არის გაუმჭვირვალე, ცალმხრივი. ისინი მოითხოვენ მონაწილეობითი სტანდარტის განსაზღვრას და იმ მექანიზმის შემუშავებას, რომელი მექანიზმითაც დაკმაყოფილებული იქნება სრულყოფილად, ღირსეულ გარემოში ცხოვრების უფლება ამ ადამიანებისთვის.

მოლაპარაკებებს რაც შეეხება, მოლაპარაკება პირველ რიგში შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ არ ჩნდებოდა, როგორც პასუხისმგებელი მხარე. დიდი ხნის განმავლობაში არაფორმალური სახე ჰქონდა მათ სოფელში გამოჩენას და მცდელობებს, რომ პროტესტის შეზღუდვის მიზნით დაეთანხმებინათ მოსახლეობა გარკვეული ტიპის კონპენსაციებზე. დღეს მოსახლეობა აცხადებს, რომ მოლაპარაკების არანაირი რესურსი აღარ დარჩა და ვსაუბრობთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე“, – ამბობს თათული ჭუბაბრია.

ცენტრის შეფასებით,  ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომპანიის მიერ მიყენებული ზიანი ვლინდება არა მხოლოდ მათ ფიზიკურ საფრთხეში, არამედ გაცილებით ფართოა და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს ფუნდამენტურ გარდაქმნას, მათი შემოსავლის წყაროს დაკარგვას და სხვა უმწვავეს საკითხებს უკავშირდება.

„კომპენსირებისთვის განსაზღვრული ახალი სტანდარტი უნდა მოიცავდეს სამოსახლოს შენარჩუნების შესაძლებლობას, ჯანსაღ და ღირსეულ გარემოში ცხოვრების უფლების აღდეგენასა და კომპენსაციის გაცემის დაზარალებულისთვის მისაღებ გრაფიკს.

მოპოვების შეთანხმებული გეგმისა და განსახლების ეროვნული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მექანიზმის არარსებობის პირობებში, კომპანია უხეშად არღვევს ადამიანის უფლებას სათანადო საცხოვრებელ გარემოზე და სურს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ უმოკლეს ვადაში დათმოს საკუთარი სახლ-კარი.

ადგილობრივები საუბრობენ იმაზეც, რომ კომპანიის უკანონო ქმედებები, დიდწილად, ხელისუფლების მიერაც მხარდაჭერილია. მოსახლეობის დაშინებისა და კომპანიის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ჩახშობის მიზნით სახელმწიფო რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. Შესაბამისად, სახელმწიფო, არა მხოლოდ არ რეაგირებს ადგილობრივების და გარემოსთვის მიყენებული უმძიმესი ზიანის გამო „ჯორჯიან მანგანეზის” პასუხისმგებლობის დასაყენებლად, არამედ, მეტიც, მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების შელახვით, მათი სამართლიანი პროტესტის ჩახშობას ცდილობს, საპროტესტო კარვის გაშლის ხელშეშლის გზით“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

როგორც ცნობილია, „ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში მანგანუმს 15 წელია მოიპოვებს და ამ დროის განმავლობაში კომპანიის საქმიანობის შედეგად საცხოვრებელ და ბუნებრივ გარემოს შეუქცევადი ზიანი ადგება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • დაყოვნებლივ შეიმუშაოს გამჭვირვალე და მონაწილეობითი მექანიზმი, რაც შესაძლებელს გახდის „ჯორჯიან მანგანეზის” მხრიდან დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნების სრულ და სამართლიან დაკმაყოფილებას.
  • უზრუნველყოს მოპოვებითი საქმიანობით დაზარალებული ოჯახების კომპენსირების სათანადო და სამართლიანი სტანდარტის დადგენა, რაც „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის სრულ არეალზე გავრცელდება.
  • შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ინსპექტირების გზით ბუნებრივსა თუ სოციალურ გარემოზე კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის დაუყოვნებლივი აღრიცხვა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა.