სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი - პაპუაშვილი აქციის მოთხოვნაზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების სურვილი დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით. პაპუაშვილის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი დემოკრატიის და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით. სამწუხაროდ, რიგი პოლიტიკური ჯგუფებისა, მათ შორის რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების [მოთხოვნისა] ისინი დაუბრუნდნენ 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას. იმავე სახეებს ვხედავთ, იმავე მოწოდებებით. პოლიტიკურ ჯგუფებია თუ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც არ სურთ, „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს. დემოკრატია მუშაობს არჩევნებით. არჩევნებზე ქართველი ხალხი როგორც გადაწყვეტს, ამას უნდა მიჰყვეს ყველა, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია, აქტივისტი თუ ასე შემდეგ. ამას ჰქვია დემოკრატია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიამ გადაწყვიტა, გაანაწილა ასე ვთქვათ, პოლიტიკური წონა პარტიებს შორის, როგორც ეს მოისურვა ქართველმა ხალხმა. ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი.

საუბრები რაზეც არის, ესაა მიბრუნება, ისევ იმავე წრეზე შესვლა. იგივე სპირალშია ახლა მოხვედრილი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი ნაწილი. სპირალი, რომელსაც ჰქვია ძალაუფლების მიტაცება დემოკრატიის გვერდის ავლით, რაც, რა თქმა უნდა, როგორც სხვა დროს ვერ შეძლეს, ვერც ახლა შეძლებენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას გვერდს ვერავინ აუვლის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. მანამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.