ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ უნდა შედიოდნენ არც მოძრაობის სახეები, არც პოლიტიკოსები - დიღმელაშვილი

პუბლიკა

„ხაზი უნდა გაესვას, რომ არცერთი ადამიანი, ვინც საერთო სახალხო მოძრაობის სახელით საზოგადოებას ვესაუბრებით, არ ვიბრძვით სკამებისთვის”, – ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას” აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს.

ის facebook-სტატუსით ეხმაურება 24 ივნისის აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნას პრემიერის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის შესახებ.

„ჩვენ ვიბრძვით არა ჩვენი, არამედ ხალხის ძალაუფლებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი მთავრობა ჩვენ წარმოგვადგენდეს და არა ოლიგარქს.

ეროვნული ერთობის მთავრობის წევრები შეირჩევიან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების კონსენსუსით, რათა დაიძლიოს პოლარიზაცია. ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ უნდა შედიოდნენ არც სახალხო მოძრაობის სახეები, არც მოქმედი პოლიტიკოსები.

ეროვნული ერთობის მთავრობა უნდა იყოს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე დარგობრივი სპეციალისტების დროებითი ერთობა, შექმნილი ერთადერთი მიზნით – მშვიდობიანად და აუცილებელი რეფორმებით ატაროს ქვეყანა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებელი ვადის მანძილზე”, – აცხადებს დიღმელაშვილი.


24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. იქამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.

LB loan image desktop LB loan image mobile