რას გულისხმობს „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ და რა მიზანი ექნება მას | გიორგი მშვენიერაძე

პუბლიკა

სამოქალაქო მოძრაობის „შინ ევროპისკენ” წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რას გულისხმობს „ეროვნული თანხმობის მთავრობა” და რა მიზანი და დანიშნულება ექნება მის ჩამოყალიბებას. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს, რომელსაც „პუბლიკა” უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, დათმოს აღმასრულებელი ძალაუფლება, ის გადასცეს „ეროვნული თანხმობის მთავრობას – ევროკავშირისთვის“, რომელიც გარდამავალ ეტაპზე მართავს სახელმწიფოს და მისი მიზანია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მომზადებაა, მათ შორის საარჩევნო, სასამართლო, ანტიკორუფციული და სხვა რეფორმების ჩატარება.

„ეროვნული თანხმობის მთავრობა“ მოამზადებს და პარლამენტს წარუდგენს ევროკომისიის რეკომენდაციებში ასახულ ყველა საკითხზე რეფორმების შესახებ კანონპროექტებს, გაატარებს პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას. 2022 წლის ბოლოს გარდამავალი ეტაპი უნდა დასრულდეს და ახალ, სამართლიან გარემოში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.

ეროვნული თანხმობის მთავრობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ საკუთარი სფეროს გამორჩეული სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია. მის შემადგენლობაში არ უნდა იყვნენ მოქმედი პოლიტიკოსები და არ ვაპირებთ ვიყოთ ის ადამიანებიც, რომლებსაც საერთო სახალხო მოძრაობის სახეებად გვხედავთ. ეროვნული თანხმობის მთავრობას მხარი დაუჭიროს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც. ეს იქნება ძლიერი ნაბიჯიც დეპოლარიზაციისაკენ.

ჩვენ მოთხოვნის წამოყენების ეტაპზე არ ვასახელებთ მთავრობის წევრების კანდიდატურებს და ვტოვებთ გახსნილ სივრცეს მოლაპარაკებისთვის. თუმცა მთავრობის შემადგენლობა კონსენსუსის წესით უნდა შეირჩეს. კონსენსუსის შემდეგ, კონსტიტუციური პროცედურის გამოყენებით, მოხდება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელება და მთავრობის სამოქმედო გეგმის – „ევროკავშირისკენ“ წარმოდგენა, რომელსაც პარლამენტი ნდობა უნდა გამოუცხადოს”, – წერს მშვენიერაძე.


24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. იქამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.

LB loan image desktop LB loan image mobile