სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალი გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, 30-35% - გაბუნია

პუბლიკა

არის თუ არა საწოლფონდების და სამედიცინო პერსონალის დეფიციტი, გახდება თუ არა საჭირო საველე ჰოსპიტლები და როდის ექნება ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ ისაუბრა.

თამარ გაბუნიას თქმით, კლინიკებში არის თავისუფალი საწოლები, მაგრამ დიდ ქალაქებში, სადაც მეტი დატვირთვაა და საწოლბრუნვაც უფრო მაღალია, მალევე ხდება შევსება რაც მომლოდინე პაციენტების რიცხვზეც აისახება.

„თავისუფალი საწოლები არის, მაგრამ მაშინვე ივსება. ჩვენ გვაქვს გარკვეული მოლოდინის სია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც პრიორიტეტულად და სასწრაფოდ სჭირდება ინტენსიური თერაპია და ასეთი პაციენტები მაშინვე, როგორც კი თავისუფალი ადგილი გაჩნდება, ანუ პაციენტის გამოწერის შემდეგ, რა თქმა უნდა, კლინიკაში ხვდებიან.

დაახლოებით 90-95%-იან დატვირთვაზე მუშაობს დღეს ყველა კლინიკა, თუმცა ყველგან არის სარეზერვო საწოლფონდი იმისთვის, რომ დამატებითი პაციენტები მიიღონ.

რა თქმა უნდა, მაქსიმალურია დატვირთვა, 6 200 პაციენტია დღეს კლინიკაში. 7000-მდე საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი იმავე კლინიკებში. დამატებით თუ ჰიბრიდული მოდელიდან სრულად კოვიდის მობილიზაციაზე გადავალთ მაქისმალური არის 9 000 საწოლი. სულ არის 12 000 მწვავე მოვლის საწოლი ქვეყანაში, აქედან აუცილებლად უნდა დარჩეს საწოლი სხვა საჭიროებებისთვისაც. არის სხვა დაავადებებიც, რომელიც არანაკლებ საშიშია, თუ უფრო მეტად არა, ვიდრე კოვიდი. ამაზე უარს ვერ ვიტყვით ვერცერთ შემთხვევაში. ჩვენი ვარაუდი იყო 4 000 საწოლის შენარჩუნება, თუმცა მაქისმალურ და პიკურ პირობებში შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ 3 000 საწოლი შევინარჩუნოთ მრავალპროფილური და სომატური დაავდებებისთვის და დანარჩენი გამოვიყენოთ კოვიდის მიზნებისთვის.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომ საწოლფონდი, ჰოსპიტლური, უნდა შევინახოთ მხოლოდ მძიმე, კრიტიკული პაციენტებისთვის. დღეს ჩვენ მაინც მაღალი გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით, 30-35%-იც კი არის. ამდენად იმისთვის, რომ თუნდაც 10%-ით შევამციროთ ჰოსპიტალიზაცია და ეს პაციენტები დარჩნენ კოვიდსასტუმროებში ან თუნდაც ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მოგვცემს უფრო მეტ სივრცეს, სწრაფად მოხდეს პაციენტების ბრუნვა და თავიდან ავიცილოთ დაყოვნებები“, – ამბობს თამარ გაბუნია.

რაც შეეხება საველე ჰოსპიტლებს, ჯანდაცვის მოადგილის თქმით, კოვიდსასტუმროები არის გარკვეულწილად სავალე ჰოსპიტლის ანალოგი.

„საველე ჰოსპიტალი ეს არის დროებითი მოწყობა ჩვეულებრივი სტანდარტული ჰოსპიტლის გარეთ, სადაც შეიძლება პაციენტმა მიიღოს სამედიცინო სერვისი.

ასეთი არჩევანი სამინისტრომ უკვე შეაჩერა სასტუმროებზე, ანუ დღეს ჩვენ გვაქვს კოვიდსასტუმროების საკმაოდ კარგად განვითარებული და აწყობილი სისტემა. ექიმების, ექთნების, სტუდენტების გუნდები მუშაობენ ძალიან აქტიურად და კოვიდსასტუმროში შესაძლებელია ჩვეულებრივად, ისევე როგოც ჰოსპიტალში პაციენტისთვის დანიშნულების შესრულება, ინექციების წარმოება, მეთვალყურეობა, ჟანგბადის კონცენტრატორებიც დავამატეთ. ეს არის ჩვენთვის გარკვეულწილად საველე ჰოსპიტლის ანალოგი”, – ამბობს თამარ გაბუნია.

მან აღნიშნა, რომ ნოემბრიდან მთელ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ამბოლატორიულ პირობებში კლინიკური გამოკვლევები. 1 ნოემბრიდან დღემდე 13 000 პაციენტი იქნა გამოკვლეული და ანალიზი ჩაუტარდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მკაცრი ზომების ამოქმედება და აღსრულება ყოველთვის მნიშვნელოვანია.

„ძალიან ბევრი სამედიცინო პერსონალიც რომ გვყავდეს და უთვალავი რაოდენობა, საწოლფონდის პრევენციული ზომების გარეშე უბრალოდ ამ ეპიდემიიდან გამოსვლა არის წარმოუდგენელი. ამიტომ ის შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია, მნშვნელოვანია აღსრულდეს, განსაკუთრებით ინდივიდუალურ დონეზე“, – ამბობს ის.

გაბუნია სამედიცინო პერსონალის დაინფცირებასა და დეფიციტის შესახებ აღნიშნავს, რომ კოვიდის მართვის კუთხით დღეს უკვე კარგი გამოცდილება დაგროვდა და არა მხოლოდ ინფექციონისტები, არამედ ყველა სხვა სპეციალისტი ჩართულია კოვიდის მართვაში.

„ამიტომ გარკვეულწილად ის დეფიციტი, რომელიც თავიდან ძალიან მწვავედ გამოიკვეთა  შედარებით უმრავლეს ადგილებში არის დაძლეული, მაგრამ, რა თქმა უნდა, რჩება გარკვეული წერტილები განსაკუთრებით მოშორებულ რეგიონებში, სადაც ექიმებს მაქისმალური დატვირთვით უწევთ მუშაობა და იქ მეტად ჭირს კადრის მობილიზება“, – ამბობს თამარ გაბუნია.

სისტემის მზაობას რაც შეეხება, ის აღნიშნავს, რომ არსებული რესურსით მაქსიმალური გაკეთდა.

„მაქსიმალური გაკეთადა იმ პირობებში, რაც იყო შესაძლებელი არსებული სისტემის ფარგლებში. 8 თვეში სისტემის სრული გადაწყობა და რეორგანიზაცია, კარგად გვესმის, ვერ მოხდება. ამდენად ის რესურსი, რომელიც დახვდა ეპიდემიას სისტემაში მაქსიმალურად იყო მობილიზებული“, – ამბობს თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაზაფხულისთვის იქნება.

„პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ და ველოდებით, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა მაღალი რისკის, პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, მაგალითად, „ფაიზერის” ვაქცინას შენახვისთვის მინუს 60-80 გრადუსი სჭირდება, რაც დამატებით ტექნოლოგიურ გადაწყვეტას საჭიროებს.

„დღეს ამაზე მიდის აქტიური მუშაობა. დაგეგმვა უკვე დაწყებულია და ვფიქრობთ, მომავალი წლის პირველი ორი თვე სრულად დაეთმობა ამ ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამართვას, რათა გაზაფხულისკენ, თუ ყველაფერი მშვიდობიანად და წარმატებით დასრულდა, ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს და მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაციის დაწყება შევძლოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

დღეს ვაქცინის შესახებ ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით,  პროგნოზები დამაიმედებელია და დიდი ქვეყნები ვაქცინის გამოყენებას უკვე დეკემბრის მეორე ნახევრიდან გეგმავენ.