სოლის დირექტორობის სერტიფიცირების მსურველთა ტესტირება ელექტრონული ფორმით დღეს, 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდა.
განათლების სამინისტროს ცნობით ტესტირებაზე დარეგისტრირდა 3 200-ზე მეტი მსურველი.
სამინისტრომ ტესტირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით გამოეხმაურა „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია, სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს, 2 000-ზე მეტი სკოლა კი დირექტორის გარეშეა.
სამინისტროს მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ტესტირება, სხვადასხვა უწყებასთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით ჩატარდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება 49 საგამოცდო ცენტრი, სადაც დარეგისტრირებული 3 200-ზე მეტი დირექტორობის მსურველისთვის „ჯანსაღი, კომფორტული და აკადემიური გარემოა უზრუნველყოფილი.“
ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.
„სერტიფიცირების პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მსურველს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა – საჯარო სკოლის დირექტორობის თითოეული მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყო უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და შესაბამისი კონსულტაციები.
2020-2022 წლებში მიმდინარეობდა აქტიური მზადება სერტიფიცირების პროცესის დაწყებისთვის. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა.
ახალი კონცეფციის საფუძველზე 2022 წელს სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა, რომელიც სრულიად განსხვავდება აქამდე არსებული მიდგომებისგან – ის ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე. დოკუმენტში, დირექტორის ფუნქცია-მოვალეობასთან ერთად, განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე ტიპის სკოლის ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყანაში 2086 საჯარო სკოლიდან დღესდღეობით 9 სკოლას ჰყავს დირექტორი, 2077 საჯარო სკოლას კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს.
სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოიწურა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მათ, ვისაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად გადანიშნეს.
სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი ბოლო წლებში რამდენჯერმე გადავადდა. ამის მიზეზად განათლების მინისტრი, ერთი მხრივ, პანდემიას ასახელებდა, მეორე მხრივ კი, საუბრობდა სკოლის დირექტორთა ახალი სტანდარტის შემუშავებაზე, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის ნაწილი იყო და სწორედ ამ განახლებული სტანდარტის შესაბამისად ჩატარდებოდა დირექტორების სერტიფიცირება და შესარჩევი კონკურსი.
20 ოქტომბერს კი სამინისტრომ ოფიციალურად დააანონსა სერტიფიცირების პროცესის დაწყება.