2086 საჯარო სკოლიდან 2077-ში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია - სერტიფიცირების პროცესი იწყება

პუბლიკა

ქვეყანაში 2086 საჯარო სკოლიდან დღესდღეობით 9 სკოლას ჰყავს დირექტორი, 2077 საჯარო სკოლას კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ „პუბლიკისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთა რაოდენობა ამგვარად ნაწილდება:

სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი ბოლო წლებში რამდენჯერმე გადავადდა. ამის მიზეზად განათლების მინისტრი, ერთი მხრივ, პანდემიას ასახელებდა, მეორე მხრივ კი, საუბრობდა სკოლის დირექტორთა ახალი სტანდარტის შემუშავებაზე, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის ნაწილი იყო და სწორედ ამ განახლებული სტანდარტის შესაბამისად ჩატარდებოდა დირექტორების სერტიფიცირება და შესარჩევი კონკურსი.

20 ოქტომბერს კი სამინისტრომ ოფიციალურად დააანონსა სერტიფიცირების პროცესის დაწყება. სერტიფიცირების მსურველებისთვის რეგისტრაციის გავლა 4 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

სამინისტროს ცნობით, სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.

რატომ ხედავდნენ სპეციალისტები სკოლების პოლიტიზების რისკს

სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოიწურა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მათ, ვისაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად გადანიშნეს. თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც, 100-ზე მეტი დირექტორი აღარ  დაუნიშნავთ მოვალეობის შემსრულებლად, მათ სამინისტრომ ხელშეკრულების ვადა არ გაუგრძელა.

აღნიშნული სკოლის დირექტორები სამინისტროს მხრიდან შერჩევით, უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობდნენ და გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებდნენ. მათი შეფასებით, წინასაარჩევნოდ „სამინისტრომ სკოლის დირექტორების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციები დაიწყო“; დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად მხოლოდ „სამინისტროსთვის სასურველი“ კადრები გადანიშნეს, სკოლის მიღმა დარჩნენ პროფესიონალი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანები.

ის, რომ სკოლის დირექტორების გადანიშვნა პრობლემური პროცესი იყო, აღწერილია პროექტის – „სკოლების დეპოლიტიზება“ – ფარგლებში შემუშავებულ ანგარიშში სახელწოდებით,  „სკოლების დეპოლიტიზება – გამოწვევები და ტენდენციები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში“.

აღნიშნულ ანგარიშზე მუშაობისას, ავტორთა შეფასებით, ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა, რომ სამინისტრომ ვერ დაასაბუთა, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მინისტრმა ამ გადაწყვეტილების მიღებისას, მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი „სკოლის პოლიტიზებისა და ზეწოლის რისკი გაზარდა“. ზიანი მიაყენა დემოკრატიული სასკოლო კულტურის დამკვიდრებას.

კონკრეტული შემთხვევებთან დაკავშირებით კი, როცა გათავისუფლებული სკოლის დირექტორები პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდნენ, სახალხო დამცველმა დაადგინა დარღვევა, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით უარი ეთქვათ გადანიშვნაზე. ომბუდსმენმა განათლების სამინისტროს რეკომენდაციითაც მიმართა, რათა ხელახლა ჩაეტარებინათ აღნიშნული დირექტორების შერჩევა, მაგრამ რეკომენდაცია არ შესრულდა.

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile