სკვერის მომიჯნავედ 10-სართულიანი კორპუსის აშენება ბაღს ფუნქციის დაკარგვით ემუქრება - EMC

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) „ანას ბაღის“ საქმის სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს და თბილისის მერიას ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების, წუხილის გათვალისწინების, ასევე, საჯარო ინტერესის პატივისცემისა და განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებს.

„ანას ბაღი“, რომელიც განთავსებულია ქ. თბილისში, ვარკეთილის II მ/რ, კორპ. 22 მიმდებარედ და სახელი 9 წლის ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის პატივსაცემად დაერქვა, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უმნიშვნელოვანეს სარეკრეაციო და სოციალიზაციის სივრცეს წარმოადგენს.  რამდენიმე წელია, ადგილობრივი მოსახლეობა ბაღის შესანარჩუნებლად სამშენებლო კომპანიას უპირისპირდება, რომელიც სკვერის მომიჯნავედ 10-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს და ბაღს ფუნქციის დაკარგვით ემუქრება. EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კომპანიაზე გაცემული სამშენებლო ნებართვა ვერ აკმაყოფილებს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციამ შეისწავლა, როგორ გაიცა 2016 წელს მიწის სამშენებლო განვითარებაზე თანხმობა და როგორ გაიზარდა ფუნქციური ზონის პარამეტრები, რამაც კომპანიას მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საშუალება მისცა.

„მერიამ ისე დააკმაყოფილა დეველოპერის მოთხოვნა და იმგვარად გაზარდა კოეფიციენტი, რომ საერთოდ არ მომხდარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. საკანონმდებლო მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უგულებელყოფილ იქნა  საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერება”, – ნათქვამი ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის გაცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ დასტურდება, რომ აღნიშნული კორპუსის აღმართვის შემდგომ ბაღი მოექცევა შენობებს შორის, რაზეც  ადგილობრივი მოსახლეობა თბილისის მერიას წლებია, მიუთითებს, მერიამ ნებართვა ისე გასცა, რომ დღემდე  არ გამოკვლეულა, რა ზეგავლენას იქონიებს აღნიშნული კორპუსის მშენებლობა და ექსპლუატაცია „ანას ბაღზე“ და მიიღებს თუ არა ბაღი სასიცოცხლოდ საჭირო ბუნებრივ განათებას, მზის შუქს.

ორგანიზაციის განცხადება სრულად იხილეთ ამ ბმულზე. 


მოსახლეობა „ანას ბაღის” გადასარჩენად 2016 წლიდან იბრძვის. ადგილობრივი მოსახლეობა ბაღის შესანარჩუნებლად სამშენებლო კომპანიას უპირისპირდება, რომელიც სკვერის მომიჯნავედ 10-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. 

2018 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შედეგად, თბილისის მერიამ გააუქმა შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა, პარკირების საკითხის ბუნდოვანებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების არარსებობის გამო და საკითხი დაუბრუნა არქიტექტურის სამსახურს, ხელახლა განსახილველად.

2018 წლის 25 ოქტომბერს არქიტექტურის სამსახურის მიერ კვლავ შეთანხმდა არქიტექტურული  პროექტი და ამავე წლის 11 ნოემბერს გაიცა მშენებლობის ნებართვა.

ამის შემდეგ მოსახლეობის პროტესტი განახლდა. 10 იანვარს მოსახლეობამ ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა გააპროტესტა. პოლიციამ აქციაზე 10 პირიც დააკავა.

თბილისის მერის თქმით, როდესაც „ანას ბაღის“ საკითხზე კითხვები გაჩნდა, მშენებლობის ნებართვა შეჩერდა და შემოწმდა მისი კანონიერება. შედეგად დადგინდა, რომ ის სწორად იყო გაცემული. მისივე თქმით, ვარკეთილში დაგეგმილ მშენებლობაზე ადგილმონაცვლეობა ვერ მოხდება, რადგან მერიას ამის რესურსი არ აქვს.