სოფიო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს. ინფორმაცია ამის შესახებ 24 ნოემბერს, გაეროში საქართველოს ელჩმა, კახა იმნაძემ გაავრცელა.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძის წარდგენას კრიტიკულად გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი. 23 ივნისს 53-მა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა კომიტეტს, არ დაეშვათ სოფიო კილაძის შერჩევა ამ პოზიციაზე. 2020 წლის მეორე ნახევარში გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი რიგით მეთვრამეტე სესიაზე კომიტეტის 9 ახალ წევრს ირჩევს.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, ქალბატონო სოფიო კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას”, – წერია მათ განცხადებაში.