სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს – პარლამენტთან ჟურნალისტები აქციას მართავენ

პუბლიკა

პარლამენტის წინ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საპროტესტო აქციას მართავს სახელწოდებით – „სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს“.

აქციის მონაწილეები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.

2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლები გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებით მათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოისურვებდა.

ქარტიაში მიიჩნევენ, რომ გიორგი კოხრეიძის არაერთმა ნაბიჯმა ტელევიზიის თანამშრომელთა ეჭვი და შიში რეალური გახადა.

„ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ახალმა დირექტორმა აიძულა, ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა. ახალმა დირექტორმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას, ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზე.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ცხადყოფს, რომ ტელევიზიის დირექტორი, რომელიც „ქართული ოცნების” მიერ დაკომპლექტებულმა მრჩევლებმა დანიშნეს, ყველაფერს აკეთებს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის“, – ამბობენ ქარტიაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებას“ და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის ტელევიზიდან დათხოვნა.

LB loan image desktop LB loan image mobile