„აჭარის მაუწყებელში განვითარებული პროცესები საგანგაშოა“ - მედია კოალიცია

პუბლიკა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ საგანგაშოს უწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითრებული პროცესებს. გავრცელებულ განცხადებას ხელს 11 ორგანიზაცია აწერს.

„2019 წლის აპრილიდან დღემდე ყოველდღიურად მტკიცდება ეჭვები არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ. დღეს კი არსებობს რეალური საფრთხე ახალმა არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ და მათ მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა შეცვალოს საშტატო ნუსხა და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომელთა ნაწილი. ვფიქრობთ, რომ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და მოიცავს როგორც მედიის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს“, – აღნიშნულია მედია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში პროცესში ჩაერთვებიან და დაიცავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. კოალიცია პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართავს, გამოხატვის თავისუფლების გარანტიების შენარჩუნებაში დაეხმარონ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მედიაკლუბი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ღია საზოგადოების ფონდი
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
ლიბერალური აკადემია თბილისი
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
სატელევიზიო ქსელი
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა