24 ოქტომბერს პარლამენტთან ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქცია გაიმართება.
ორგანიზატორი „აფხაზური ამბებია”.
ირაკლი ბებუა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ მილიციამ 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა, მას შემდეგ, რაც მან საოკუპაციო რეჟიმის დრომა ჩამოხია და დაწვა. მისი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აქციის ორგანიზატორი წერს:
„2020 წლის 30 სექტემბერს, როდესაც სეპარატისტული რეგიონი “დამოუკიდებლობისა და გამარჯვების” დღეს აღნიშნავდა, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშა, რომელზეც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო სიმბოლოები იყო გამოსახული, დაწვა. ამის შემდეგ გალში, ბებუას საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც, ბრალის დამძიმების მიზნით საოკუპაციო რეჟიმის მილიციამ მას ხელყუმბარა “ჩაუდო.” აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ ირაკლის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. მესამე წელია საქართველოს მოქალაქე ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვის გამო საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და ოჯახთან მხოლოდ სტანდარტული, შაბლონური დაპირებებითა და ტექსტებით ურთიერთობენ.
ირაკლი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას.
ვიკრიბებით სამშაბათს, 19:00 საათზე – პარლამენტთან”.