სომხეთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს და ურთიერთდახმარებაზე უკან არასოდეს ვიხევთ – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სომხეთისთვის დახმარების გაწევის საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ამ თემაზე გუშინ ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მისივე თქმით, ncdc-ის ასევე ჰქონდა კომუნიკაცია სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შესთავაზეს დახმარება.

„გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და დახმარება შესთავაზა, რომელსაც სომხეთის მხარე განიხილავს.  ეს ინფორმაცია არის მედიაში და უკეთესად საგარეო საქმეთა სამინისტრო უპასუხებს. რაც მე ვიცი, სომხეთის მხარე განიხილავს საკითხს და შესაბამისად, თუ საჭიროება იქნება, მიმართავს საქართველოს. ჩვენც გვქონდა, ცენტრს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შეთავაზება სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ველოდებით, თუ რამე შემოთავაზება იქნება იქიდან, რომ მათ სურთ რაიმე მიმართულებით ჩვენი დახმარება. ჩვენ მზად ვართ როგორც ქვეყნებს, ისე ინსტიტუტებს ახლო ურთიერთობა გვაქვს და ჩვენ ურთიერთდახმარებაზე არასოდეს უკან არ ვიხევთ.“  – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს ინფიცირების 500 მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ, სომხეთში 11 817 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 183.